მაგაროტო ლუიჯი (დ. 15. IX. 1942, პადუა), იტალიელი ქართველოლოგი, მთარგმნელი, ვენეციის უნ-ტის პროფესორი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის უცხოელი წევრი (2002), თსუ-ის საპატიო დოქტორი (2014). 1970 დაამთავრა ვენეციის უნ-ტის უცხო ენების ფაკ-ტი (ძირითადი ენა რუსული). 1976 პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქართ. ენის შესწავლას მიჰყო ხელი (მანამდე, მოსკოვში ყოფნისას, პასტერნაკისეული თარგმანებით გაეცნო ქართვ. პოეტთა შემოქმედებას). თარგმნა გ. ტაბიძის 19 ლექსი და გამოაქვეყნა ვენეციის უნ-ტის ენისა და ლიტ-რის წელიწდეულში (1978, ტ. XVII, განაკვეთი 3, ორიენტალისტური სერია). შესავალ სტატიაში ვრცლად მიმოიხილა პოეტის შემოქმედება. 1985 თბილისში გამოვიდა გ. ტაბიძის ლექსების კრებული ქართ. და იტალ. ენებზე მაგაროტოსეული თარგმანებითა და წინასიტყვაობით. მ-ს აქვს ნაშრომები ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ცისფერყანწელების, ნ. ფიროსმანის, ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე, ქართ. სუფრის ტრადიციაზე და სხვ. მან იტალიურად თარგმნა ილიას „სარჩობელაზედ“ (1987), ვაჟას „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, პ. იაშვილისა და ს. ჩიქოვანის ლექსები.
მ-ს ეკუთვნის ნაშრომები სლავისტიკასა და ქართველოლოგიაში. 1987 ვენეციის უნ-ტში დააარსა ქართველოლოგიის კათედრა, სადაც ქართ. ენა ისწავლება დამოუკიდებელ საგნად; ქართველოლოგიურ ცენტრში გამოდის ჟურნ. „გეორგიკის“ იტალიური სერია.
მთარგმნელობით სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის 1999 მ-ს მიენიჭა ინგლისის ქართველოლოგიური ცენტრის მ. უორდროპის სახ. პრემია.
თხზ.: საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783–1801), თბ., 2008.
ლიტ.: თურნავა ს., XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999; კვიტაიშვილი ე., ლუიჯი მაგაროტო – ქართული სულიერების ერთგული რაინდი, „კალმასობა“, 2003, №7.
ს. თურნავა