მაგისტროსი (ლათ. magister officiorum; ბერძნ. μάγιστρος τῶν ὀφφικίων), რომის იმპერიაში შექმნილი თანამდებობა, რ-იც დაკავშირებულია იმპ. დიოკლეტიანეს (284–305) სახელთან. მან სასახლის რამდენიმე სამსახური პრეტორიანელთა ტრიბუნს ჩააბარა და კიდევ ერთი წოდება – magister officiorum უბოძა. კონსტანტინე I დიდის (306–337) დროს მ. გამოვიდა პრეტორიანელთა პრეფექტის დაქვემდებარებიდან და სასახლის დაცვისა და საიმპერატორო სამდივნოს, არსენალის, დესპანთა მეთაური გახდა. მ. ირიცხებოდა უმაღლ. რანგის სენატორთა შორის. VII ს-იდან ნელ-ნელა მ-მა დაკარგა თავისი მოვალეობების მნიშვნელოვანი ნაწილი და მხოლოდ საპატიო ტიტული გახდა.
მ. საქართველოში, თავდაპირველად, თანამდებობა იყო. ლაზიკის მ. ბიზანტიურ წყაროებშია მოხსენიებული. აღნიშნული თანამდებობა, სავარაუდოდ, IV–V სს. მიჯნაზე ეგრისის სამეფო კარზე აღმ. რომის იმპერიის (ბიზანტიის) ანალოგიით იქნა შემოღებული. VI ს-ში ლაზიკის მ. იყო ტერდეტი, ხოლო შემდეგ – ფარსანტ კოლხი. ბიზანტიური წყაროების მიხედვით, ლაზიკის მ-ის მოვალეობა იყო სამეფო სასახლის გვარდიის მეთაურობა და სასაზღვრო პროვინციის მმართველობა. მასვე უნდა ჰქონოდა სხვა უფლება-მოვალეობები, ისინი, რაც მ-ს ამავე პერიოდის ბიზანტიაში მოეპოვებოდა.
ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე მ-ებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია გრიგოლ პატრიკიოსს. ის იყო ბიზანტიის იმპ. კოსტანტი II-ის (641–668) დროს დაწინაურებული ლაზიკის სამეფო სახლის წევრი. გრიგოლ პატრიკიოსმა თავდაპირველად მ-ის თანამდებობა მიიღო კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ, 663–667 ლაზიკის მმართველობა ჩააბარეს. ამავე პერიოდში გრიგოლი მაგისტროსობას ტიტულის სახით ინარჩუნებდა.
მ-ის ტიტულის მქონე პიროვნება ბიზანტიის იმპერატორის ბრძანებით შესაბამისი ცერემონიალის შემდეგ იღებდა შესამოსელს ინვესტიტურის სახით, ინსიგნიებს – ძალაუფლების ნიშნებს და როგას – თანამდებობრივ სარგოს, რ-იც თავდაპირველად 24 ლიტრი ბიზანტიური ოქრო იყო, ხოლო შემდეგ – 16 (ერთი ლიტრი ბიზანტიური ოქრო უდრიდა 72 ნომისმას, ბიზანტიურ ოქროს ფულს).
მ-ის ტიტული X ს-იდან ხშირად გადაეცემოდათ ქართველ მეფე-მთავრებს: გიორგი II აფხაზთა მეფეს, დავით II ქართველთა მეფეს, გურგენ ერისთავთერისთავს, ბაგრატ ადარნასე ქართველთა მეფის ძეს და ქართველთა მეფეთ მეფე დავით III დიდს; ასევე ჩორდვანელთა სახლის წევრებს – ჩორდვანელ ვარაზ-ვაჩეს ძეს და ბაგრატ თორნიკე ერისთავის ძეს. მომდევნო საუკუნეში საქართვ. სამეფოს მეფე-მთავართა შორის მ-ის ტიტული მიიღეს გურგენ მეფეთ მეფემ, გიორგი I-მა, დემეტრე უფლისწულმა, ლიპარიტ ბაღვაშმა და კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდმა.
მ-ის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე ქართველი დიდებულებიც, მ. შ. ბასილ აპოკაპი, ბასილ თეოდოროკანი, გიორგი მაგისტროსი, ბაგრატ ვიხკაცი, აბაზ ბაკურიანი, სერგი ბაკურიანი და ქაიან იბერი. ისინი ბიზანტიის იმპერიაში სხვადასხვა მნიშვნელოვან ტიტულებსა და თანამდებობებსაც ფლობდნენ. მათ დიდ ნაწილს შენარჩუნებული ჰქონდა ქართული თვითმყოფადობა. XI–XII სს. მიჯნის ახლო ხანებში მაგისტროსობა გაუქმდა.
ლიტ.: თავაძე ლ., მაგისტროსი საქართველოში და ქართველი მაგისტროსები ბიზანტიის იმპერიაში, თბ., 2016; Boak A. E. R, The Master of the Offices in the Later Roman and Byzantine Empires, N. Y.–L., 1919.
ლ. თავაძე