მაგრანეთი, სოფელი მცხეთა–მთიანეთის რეგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემი), ერწოს ქვაბულის სამხრ.-აღმ. ნაწილში, მდ. ივრის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 მ. თიანეთიდან 30 კმ. 224 მცხ. (2014).
მ-ის ტერიტორიაზე მრავალი ისტ. ძეგლია. მდ. მაგრანეთისხევის ნაპირზე მდებარეობს განვით. შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია, რ-ის დას. კედლის ერთ ქვაზე X ს. ორსტრიქონიანი ასომთავრული (ნუსხურნარევი) წარწერაა. ეკლესიასთან შუა საუკუნეების ქვის სამარხებია, ხოლო შორიახლოს – ნასოფლარი. სოფლის სამხრ. განაპირას, სასაფლაოზე, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ციხე-კოშკი და XIX ს. დასასრულს აგებული პატარა დარბაზული ეკლესია. ამავე მხარეს, საცხვრეგორად წოდებულ ადგილზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია. სოფლის დას. განაპირას შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიის (თამრებაის ჯვარი) ნანგრევი.
1963–69 სოფლის ტერიტ-ზე გათხარეს (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) სხვადასხვა პერიოდის ძეგლები. სოფლის ჩრდ.-დას-ით, მდ. თრანულის მარჯვ. ნაპირზე, ქუშანაანთ გორაზე გათხრილია III–IV სს. სამაროვანი (იხ. ერწოს ველის არქეოლოგიური ძეგლები), რ-ის სამხრ-ით გამოვლინდა ადრინდ. შუა საუკუნეების ნამოსახლარი. კომპლექსი შედგება მოზრდილი შენობის ნაშთისაგან. შემორჩენილია რიყის ქვის ორპირი წყობით ნაგები საძირკველი. შენობას ალიზის კედლები და ღარიანი კრამიტის სახურავი ჰქონია. არქეოლ. მასალის, განსაკუთრებით სასანურ-ბიზანტიური მონეტების (იხ. მაგრანეთის განძი) მიხედვით, ნაგებობა VII ს. II ნახ-ში დანგრეულა. ნამოსახლარის სამხრ-ით შემორჩენილია ძვ. გზის ნაშთი. მის სამხრ-ით გათხარეს ადრინდ. შუა საუკუნეების სამაროვანი. გამოვლინდა V–VIII სს. 7 ორმოსამარხი და ქვის სამარხი, სადაც იპოვეს ბრინჯაოსა და რკინისღეროიანი საკინძები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რკინის სამაჯური და სხვა ნივთები.
ჭიჩსულების უბანში გამოვლენილია ადრინდ. შუა საუკუნეების (VI–VIII სს.) ნამოსახლარი.
საცხვრეგორის სამაროვანზე გათხრილია (ბ. ჯორბენაძე) V–VIII სს. 4 ქვის სამარხი, რ-ებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საკინძები, ბრინჯაოს საყურეები და მშვილდსაკინძი, სარდიონის საბეჭდავი და სხვ. ამავე გორის დას. ფერდობზე შესწავლილია XI–XIII სს. სამარხები, რ-ებშიც იყო მინის, ბრინჯაოს, რკინის სამაჯურები და ბრინჯაოს 3 ბეჭედი.
ლიტ.: რამიშვილი რ., ერწოს ველი ანტიკურ ხანაში, „ძეგლის მეგობარი“, 1971, № 27–28; რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო სამუშაოების შედეგები, „მაცნე. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1978, № 1; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008; ჯორბენაძე ბ., ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ერწოს ველზე, „მაცნე, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1968, №2.
რ. რამიშვილი
ბ. ჯორბენაძე