„მადნეული“ (ახლანდ. სააქციო საზ-ბა „არემჯი კოპერი“), სამთო-მომპოვებელი საწარმო. მდებარეობს დაბა კაზრეთში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), თბილისიდან სამხრ.-აღმ-ით 80 კმ-ის დაშორებით. საქართველოში მადნეულის სპილენძ-პოლიმეტალის საბადო და საწარმო ფერადი ლითონების წარმოების პირველ ობიექტად ითვლება. XX ს. 40-იან წლებში დაიწყო მადნეულის საბადოს კვლევა-ძიებითი სამუშაოები, რ-იც მის სამრეწვ. ათვისებამდე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. 1959 საფუძველი ჩაეყარა ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობას. 1975-იდან კომბინატი ახორციელებდა სპილენძის მადნების მოპოვებასა და პირველად გადამუშავება-გამდიდრებას. 2005-იდან შეიქმნა ერთობლივი საწარმო პარტნიორების – სააქციო საზ-ბა „მ-ისა“ (საქართველო) და საერთაშ. კომპანია „ჯეოპრომაინინგის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მონაწილეობით. 2012 სააქციო საზ-ბა „მ.“ გადავიდა საერთაშ. კომპანია „არემჯის“ (RMG – Rich Metals Group B. V., ჰოლანდია) 100%-იან მფლობელობაში და ამჟამად მისი სახელწოდებაა სააქციო საზ-ბა „არემჯი კოპერი“. იგი სპილენძის შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებს ოქრო-სპილენძის კონცენტრატს, რ-საც ყიდულობენ მსხვილი საერთაშ. ტრეიდერული კომპანიები.
კომპანია სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებისა და წიაღისეულის გადამუშავებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში ადგილ. და საერთაშ. სტანდარტების დაცვას. ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების პროცესში გარდაუვალია მცენარეული საფრის დაზიანება, რის გამოც სამთო სამუშაოების დაწყების წინ აღირიცხება ამოსაღები ხე-მცენარეების რაოდენობა, შემდგომ კი ხდება შესაბამისი საკომპენსაციო ტყის გაშენება. ამას გარდა, სამთო-მოპოვებითი სამუშოების დასრულების შემდეგ კომპანია ვალდებულია განახორციელოს სარეკულტივაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს ტერიტორიის პირვანდელი სახით ან მისი მსგავსი პირობებით აღდგენას.
გარემოს დაცვის მიზნით „არემჯი“ ჯგუფმა გაატარა არაერთი ღონისძიება, შეიმუშავა და დაამტკიცა ახ. გარემოსდაცვითი პოლიტიკა. 2018 შემუშავებული გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში 2018–21 წლებში განახორციელა 97 ღონისძიება წყლის, ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„არემჯი“ ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, სადაც 4000-მდე ადამიანია დასაქმებული, რ-თა 90% ადგილ. მოსახლეა. 2011-იდან „რიჩ მეტალს გრუპმა“ საქართველოში 300 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა (2021 მონაცემები).
ლ. აბრამიშვილი