მაეჟანი

მაეჟანი, III ს. შუა ხანის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. „მეფეთა ცხოვრებაში“ სპასპეტად იხსენიება. ასფაგურ ფარნავაზიანის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა ტახტის მემკვიდრეობის საკითხზე მცხეთაში გამართულ ქართვ. დიდებულთა თათბირს, რაც შეიძლება აიხსნას სამეცნ. ლიტ-რაში არსებული იმ მოსაზრებით, რომ სპასპეტები მეფის შემდეგ მეორე პირები იყვნენ და ეს სახელო გვიანობამდე შემორჩა (გ. მელიქიშვილი, მ. წოწელია). თეიმურაზ ბატონიშვილი მიიჩნევს, რომ მ. „მეფეთა ცხოვრების“ ერთი ნაწილის ავტორი იყო (სავარაუდოდ, ეს ცნობა ანტონ II-ის „შეკრებულის მოთხრობიდან“ გადმოწერილი მასალიდან მომდინარეობს). შეიძლება მ-ის ავტორობა იგულისხმებოდეს ვახუშტისთანაც: „რომლითჳს გვაუწყებს მაიჟან სპასპეტი“, „ვითარცა იტყჳს იგივე მაიჟან სპასპეტი“.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა რომელ არს სრულიად საქართველო, სპბ, 1848; ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990.

ვ. გოილაძე