მავჯი

მავჯი (ნამდვ. სახელი ალი-ხან ბეგი), XVII ს. სპარსელი პოეტი. დაიბადა წარმოშობით ქართველის – ოღლი-ბეგის ოჯახში. მსახურობდა შაჰ სულეიმან I-ის კარზე. მის შესახებ ცნობები შემოინახა მირზა მოჰამედ თაჰერ ნასრაბადის თეზქერემ, რ-შიც შეტანილია ტექნიკით, მუსიკალურობით, მოხდენილი გამონათქვამებით ცნობილ პოეტთა და კულტ. სხვა მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. იქვე ნიმუშად მოყვანილია რამდენიმე პოლემიკური ხასიათის ლექსი, რ-იც მ-ს უთქვამს ვინმე სეფიყული-ბეგის საპასუხოდ და სეიდობის (მუჰამედის შთამომავლობის აღმნიშვნელი ტიტული) მაძიებელ მუხთარ-ბეგ ფარაშ-ბაშის გამოსაჯავრებლად. თეზქერეს ავტორი ხაზს უსვამს მ-ს ფაქიზ გემოვნებას.

ლიტ.: ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ირანის კულტურულ ასპარეზზე, „ანალები“, 1947, [ტ.] 1.

ვ. ფუთურიძე