მაზიაშვილი ჯემალ ესტატეს ძე

ჯ. მაზიაშვილი

მაზიაშვილი ჯემალ ესტატეს ძე (დ. 6. VI. 1938, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1980). 1962 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1962–67 იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, 1967-იდან – რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მსახიობი, 1991–2005 – ამავე თეატრის დირექტორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში – სტრედლეიტერი (ჯ. სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“); რუსთავის თეატრში – სატინი (მ. გორკის „ფსკერზე“), მამა (ლ. პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“), მიკირტუმ გასპარიჩი (გ. ერისთავის „გაყრა“), ტუჩა დაშნიანი (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), დათიკო მეგრელიშვილი (გ. ბათიაშვილის „ვალი“, თეატრ. საზ–ბის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, 1981), ძულა („ის ლამაზი, მზიანი დღე“, უნგრეთის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი). გადაღებულია სატელევიზიო დადგმებსა და კინოფილმებში: „მშვიდობით, ინესა!“ (რეჟ. ი. ასათიანი, 1972), „ლევან ხიდაშელი“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1973), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (რეჟ. რ. ესაძე, 1981), „ხსოვნა“ (რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1989) და სხვ. მ-ის მოღვაწეობა გამოირჩეოდა მაღალი პროფ. სამსახიობო ოსტატობით. მიღებული აქვს პრეზიდენტის საპატიო სიგელი (1998, რუსთავის საერთაშ. თეატრ. ფესტივალის, „ოქროს ნიღბის“ დაფუძნებისთვის), ღირსების ორდენი (1998), „ხელოვნების ქურუმის“ (2018) წოდება. არის რუსთავის საპატიო მოქალაქე (2003). 2017 რუსთავის თეატრის წინ გაიხსნა მ-ის ვარსკვლავი.