მათემატიკის ინსტიტუტი ა. რაზმაძის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ჩამოყალიბდა 1933 თბილ. სახელმწ. უნტ-თან, რ-საც 1935 გამოეყო. 1935-იდან შედიოდა სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალში, ხოლო საქ. სსრ მეცნ. აკად. ჩამოყალიბების შემდეგ (1941) მის სისტემაში იყო. 1944 მიენიჭა ა. რაზმაძის სახელი. 2011, როგორც სსიპ, თსუ-ის შემადგენლობაში შევიდა.
მ. ი-ს ხელმძღვანელობდნენ: ნ. მუსხელიშვილი (1933–35; 1941–76), ვ. კუპრაძე (1936–41), ვ. ჭელიძე (1951–52), ნ. ვეკუა (1976–1989), ი. კიღურაძე (1989–2006), ნ. ფარცვანია 2006-იდან. ინ-ტში მოღვაწე მათემატიკოსთა პირველ თაობას მიეკუთვნებიან ნ. მუსხელიშვილი, ვ. კუპრაძე, ი. ვეკუა, ა. ბიწაძე, ლ. გოკიელი, ა. გორგიძე, დ. დოლიძე, ა. ვალფიში, ნ. ვეკუა, ა. კალანდია, დ. კვესელავა, გ. ლომაძე, კ. მარჯანიშვილი, ლ. მაღნარაძე, შ. მიქელაძე, ა. რუხაძე, ი. ქარცივაძე, ვ. ჭელიძე, გ. ჭოღოშვილი, ა. ხარაძე, ბ. ხვედელიძე. მათმა ფუნდამენტურმა შედეგებმა დრეკადობის მათ. თეორიაში, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, კომპლექსური და ნამდვილი ცვლადის ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მათ. ფიზიკაში, ტოპოლოგიაში, რიცხვთა თეორიაში ინ-ტს მსოფლიოში მაღალი სამეცნ. რეპუტაცია დაუმკვიდრა.
დღეისათვის მ. ი-ში მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ინ-ტში 9 სამეცნ. განყ-ბაა: ალგებრის, მათ. ლოგიკის, გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათ. ანალიზის, დიფერენციალური განტოლებების, მათ. ფიზიკის, დრეკადობის მათ. თეორიის, თეორიული ფიზიკის, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის.
მ. ი. გამოსცემს სამ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალს: „ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომებს“ (გამოდის 1937-იდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში), „საქართველოს მათემატიკურ ჟურნალს“ (გამოდის 1994-იდან, გამოსცემს DE GRUYITER, 2008-იდან აქვს იმპაქტ–ფაქტორი) და „მემუარებს დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“ (გამოდის 1994-იდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში).
მ. ი-ის სამეცნ. ბ-კის მეშვეობით ხორციელდება სამეცნ. ჟურნალების გაცვლა უცხოეთის 50-მდე სამეცნ. დაწესებულებასთან.
მ. ი-ის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 130-ზე მეტი მონოგრაფია; ბოლო 10 წელიწადში – 900-ზე მეტი სამეცნ. სტატია. ინ–ტს მჭიდრო კონტაქტები აქვს აშშ-ის, იაპონიისა და დას. ევროპის 30–ზე მეტ სამეცნ. ცენტრთან.
ნ. ფარცვანია