მათხოჯი

მათხოჯი, სოფელი იმერეთის რეგიონის ხონის მუნიციპალიტეტში, იმერეთის დაბლობზე, მდ. ცხენისწყლის მარცხ. ნაპირას, ხონი – მარტვილის საავტომობილო გზაზე. ზ. დ. 170 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., ლეფილიე, სუხჩა, ხიდი). ხონიდან – 7 კმ, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) – 28 კმ. 1389 მცხ. (2014). სოფლის მიდამოებში მდებარეობს ჭირკარის მღვიმე.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. I ნახ-ში. მ-ში შემორჩენილია ადრეფეოდ. ხანის ორი ციხის ნანგრევები. ერთი ციხესიმაგრიდან მხოლოდ საძირკველია დარჩენილი, მეორე, ოთხკუთხა კოშკითა და გალავნით, შედარებით უკეთაა შემონახული. XIX ს-ში მ-ში იდგა შუაფეოდ. ხანის ეკლესია. ერთი ცნობით, იგი 1209 იყო აგებული.

სოფელში აგრეთვე დგას წმ. ბასილის გუმბათოვანი ეკლესია, რ-ის დას. ფასადზე ჩასმულ ფილაზე ამოკვეთილია მხედრული დამწერლობით შესრულებული სამშენებლო წარწერა. მასში მოცემულია ეკლესიის აგების თარიღი (1864) და მოხსენიებულნი არიან ეკლესიის მაშენებელი მღვდლები – იოანე მელაძე და გიორგი ჩიმაკაძე. სოფელში არის ასევე წმ. ნინოს დედათა მონასტერი (1874–1915), რ-ის კედლებში ჩატანებულია XIII ს. ეკლესიის ჩუქურთმებიანი ქვები.

ლიტ.: ბოჭორაძე გ., იმერეთი, თბ., 1995; ფაილოძე ა., სოფელ მათხოჯის სიძველენი, „ძეგლის მეგობარი“, 1989, №1.

თ. ბერაძე