მაიკოპის კულტურა, ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის არქეოლოგიური კულტურა, რ-იც გავრცელებული იყო ჩრდ. კავკასიის მთისწინეთში. სახელი ეწოდა 1897 შესწავლილი მაიკოპის გორასამარხის მიხედვით. მ. კ. წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი გორასამარხებით, ზოგჯერ გამაგრებული ნამოსახლარებით. მ. კ-ის გვიანდელ საფეხურზე გაჩნდა ქვის აკლდამები (მ. შ. დოლმენებიც). ქვის ცულების, დანისა და ნამგლის ჩასართებთან და ისრისპირებთან ერთად გვხვდება სპილენძის ცულები, თოხები, დანები, სატეხები, სატევრები, შუბისპირები. აღმოჩენილი მასალა მიგვანიშნებს, რომ მ. კ-ის მქონე ტომებს კავშირი ჰქონდათ აღმოსავლეთთან. მ. კ-ის კერამიკა ნაწილობრივ მორგვზეა დამზადებული, ჭარბობს წითლად გამომწვარი, გაპრიალებული, ზოგჯერ მოხატული ჭურჭელი. ჩანს, რომ მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას, საზოგადოებრივი წყობა იყო პირველყოფილ-თემური.
ლიტ.: Иессен А. А., К хронологии „больших кубанских курганов“, „Советская археология“, 1950, в. 12; Крупнов Е. И., Древняя история и культура Кабарды, М., 1957; Мунчаев Р. М., Памятники майкопской культуры в Чечено-Ингушетии, „Советская археология“, 1962, № 3; Формозов А. А., Периодизация майкопских поселений, კრ.:Историко-археологический сборник,[ М., 1962].