მაისურაძე კოსტა

კ. მაისურაძე

მაისურაძე კოსტა (1881, სოფ. ცხმორი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1918, ბაქო), ფენომენალური ძალის მქონე ქართველი ფალავანი. საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902. თბილ. ცირკის მფლობელმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებზე, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი (ი. ცერაძე, კ. ბული, „კაზბეკ–გორა“, პ. ზაგორუიკო, ი. ზაიკინი, ნ. ვახტუროვი, ა. გრამილოვი, გ. კაშჩეევი და სხვ.) დაამარცხა. საზღვარგარეთის (ირანი, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი და სხვ.) ქვეყნებში არაერთხელ გამარჯვებულმა მოიპოვა სამახსოვრო ჯილდოები, ქამრები და უძლიერესი ფალავნის სახელი დაიმკვიდრა. მის მიერ მაჯაზე დახვეული რკინის კეტი დღესაც ინახება ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 1910 პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირზე, სადაც უცხოელი მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე დაუდგენელია. მასვე ეძღვნება ხალხური ლექსი: „გოლიათო ცერაძე, რათ მოხვედი ვერაზე, არ იცოდი – გაგლახავდა კოსტა მაისურაძე“.

კ. მაისურაძის ქამარი