მაისურაძე ნინო ზაქარიას ასული

ნ. მაისურაძე

მაისურაძე ნინო ზაქარიას ასული (7. III. 1927, თბილისი, – 17. VI. 2018, იქვე), პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ დოქტორი (1978), პროფესორი (1989), სამედ. ბიოლ. (1997) და სამედ.-სოც. მეცნ. აკადემიების ნამდვილი წევრი (1998).

1949 დაამთავრა თსსი. 1958–63 იყო ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, შემდგომ – ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2005–14 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საორგანიზაციო–მეთოდური განყ-ბის გამგე; 1989–95 – თსსი-ის პათოფიზიოლოგიის კათედრის, 1993–98 კი – სამედ. აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2001–07).

მ-ს ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც ეხება ფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის აქტ. საკითხებს, სამედ. ტერმინთა მართლწერას.

მ. იყო მრავალი სამეცნ. საზ-ბის წევრი. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).