მაკალათია სერგი იოსების ძე (2. XII. 1893, სოფ. სეფიეთი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 30. IV. 1974, თბილისი), ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, ისტ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1950), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1916 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, 1922 – თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი. 1921–35 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926–იდან გარდაცვალებამდე იკვლევდა საქართვ. ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტ. ეთნოგრაფიას; ეთნოგრ., არქეოლ., ისტ., ნუმიზმატიკისა და ხელოვნების საკითხებს. მონაწილეობდა სამხარეთმცოდნეო მუზეუმების დაარსებაში მესტიაში, გორში, ცაგერში, ყაზბეგსა და კასპში. 1937–48 იყო გორის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმის დირექტორი. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, ბათუმის, თელავის, გორის, ცხინვალისა და ქუთაისის პედ. ინ-ტებში.
თხზ.: ფალოსის კულტი საქართველოში, „მიმომხილველი“, 1926, წგ. 1; ახალწელიწადი საქართველოში, ტფ., 1927; მთის რაჭა, ტფ., 1930; მთიულეთი, ტფ., 1930; თუშეთი, ტფ., 1933; ფშავი, ტფ., 1934; ხევი, ტფ., 1934; ხევსურეთი, ტფ., 1935., მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938; სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941.
გ. ჯალაბაძე