ევლია ჩელები (Evllya Çelebi) (25. III. 1611, სტამბოლი, – 1682/83, იქვე), თურქი მოგზაურ-გეოგრაფი და ისტორიკოსი. ე. ჩ-ის დედა წარმოშობით აფხაზი ყოფილა. მის ათტომიან „მოგზაურობის წიგნში" მოცემულია გეოგრ., ეთნოგრ., ეკონ., ისტ., ლინგვ. ხასიათის ცნობები აღმ. და სამხრ.-აღმ. ევროპის, აზიისა და ჩრდ.-აღმ. აფრიკის ქვეყნების შესახებ, რ-ებიც 1640– 73 მოიარა. „მოგზაურობის წიგნის" ათივე ტომი სტამბოლში დაიბეჭდა (1897–1938). ქართულად თარგმნილია ნაშრომის II ტომი, რ-შიც მოცემულია ცნობები ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართვ. შესახებ. საქართველოში ე. ჩ-მ პირველად 1640 იმოგზაურა (ტრაპიზონის ფაშის ელჩობას გამოჰყვა სამეგრელოში). მან ხომალდით შემოიარა შავი ზღვის სანაპირო და მოკლედ აღწერა სამეგრელოსა და აფხაზეთის სანაპირო მხარეები. „მოგზაურობის წიგნში" მრავალი ცნობაა ქართ. მიწების, მოსახლეობის, მათი ადათ-წესების, ქალაქების, დაბების, ციხეების, სას.-სამ. სავარგულების, ნავსადგურებისა და ბაზრების შესახებ. წიგნიდან კარგად ჩანს, რომ ოსმალეთი სამეგრელოს თავის ქვეყნად თვლიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო. ზღვისპირა სამეგრელო ოსმალების მიერ იყო დაპყრობილი და გაჩანაგებული. „მთებში ბაღ-ვენახიანი დასახლებული და აყვავებული, დაუმორჩილებელი მეგრული სოფლებია... მათ მთებში შესვლა ძნელია. ორმოცორმოცდაათათასამდე თოფით შეიარაღებული მოსახლეობაა". ე. ჩ-ს საყურადღებო ცნობები აქვს საქართვ., კერძოდ, სამეგრელოს სოფ. მეურნ. შესახებ: „ბაღ-ვენახიანი, ეკლესიებიანი, კეთილმოწყობილი ციხეები და სოფლები აქვთ. ისინი ძველი ხალხია და მათი მიწა დიდი ქვეყანაა. ბევრი ჰყავთ ცხვარი, თხა და ღორი, საუკეთესო ცხენები. პურს და ქერს ცოტას თესენ და ცოტაც მოდის. სიმინდი და ღომი ბევრი მოდის". ზღვისპირა აფხაზეთს ე. ჩ. ოსმალების მიერ დამორჩილებულად თვლის, მაგრამ აღნიშნავს, რომ მთაში ოსმალეთის გავლენა ვერ აღწევს: „ხარაჯას, ბაღ-ვენახის მოსავლის გადასახადს არ იხდიან... ურჩი და მეამბოხე ხალხია". აღმ. საქართველოში ე. ჩ-მ 1646–47 იმოგზაურა. ამ დროს ქართლს როსტომი მართავდა. სამფლობელოში შედარებით წესრიგი იყო დამყარებული, რის შედეგადაც ქვეყანაში გამოცოცხლდა ვაჭრობახელოსნობა, დატრიალდა დოვლათი. ქალაქები, და მათ შორის თბილისიც, მისი სიტყვებით, „ძალიან აყვავებული და გაშენებული" ყოფილა. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თბილისის გალავანში ექვსასი სახლი იდგა, მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ციხის გალავანს შიგნით – სამასი. ქალაქს სასტუმრო და კეთილმოწყობილი აბანოები ჰქონდა სასარგებლო ცხელი წყაროებით. ვრცლად არის აღწერილი თბილისის ციხე, გალავან-ბურჯები, წყლით მომარაგების სისტემა. ე. ჩ. ვაჭრობის შესახებ გვაწვდის მრავალ ცნობას, რომელთა მიხედვით სამეგრელოში როგორც ზღვით, ასევე მდ. ჭოროხითა და ხმელეთით მოდიოდნენ ოსმალო, ყირიმელი, ლაზი ვაჭრები: „...წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყნის გემებს მოაქვთ დენთი, ტყვია, თოფი, მშვილდ-ისარი, მასრა, ხმალი, ფარი, შუბი და სხვა საომარი იარაღი; ფეხსაცმელი, მაუდი, საპერანგე და სასარჩულე ქსოვილი, კერის რკინეულობა, დიდი ქვაბები, რკინის ჯაჭვები ცეცხლზე ქვაბის დასაკიდებლად, მარილი, საპონი და სხვა ასეთი საგნები", რასაც, მისივე ცნობით, ცვლიან მშვენიერ გოგო-ბიჭებზე, ცხიმეულზე, თაფლზე, სანთელზე, მუშამბაზე, კვერნის ბეწვზე. XVII ს-ში დას. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტყვის სყიდვის თაობაზე ე. ჩ. წერს: მდ. ფაშას (ფაზისი) „აღმოსავლეთ ნაპირზე მთლიანად ურჩი სამეგრელოს სოფლებია. დასავლეთი ნაპირი აბაზას ჩაჩების ტომის ქვეყანაა. რადგანაც მდინარის ორივე მხარე ბუჩქნარიანი და ტყიანია, აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები – აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე" ან „აბაზები ერთმანეთს ებრძვიან, ბავშვებსა და ქალებს იტაცებენ, ტყვეებს ჰყიდიან და ამით ცხოვრობენ". თავის თხზულებაში ე. ჩ. ისტ. ექსკურსებსაც აკეთებს (გონიოს, თბილისის, გორის, მცხეთის, ქუთაისის, არტანუჯის, აწყურის, ქაჯის ციხეების აღწერა; ჩილდირის ვილაიეთის სანჯაყების ჩამოთვლა, თითოეულ სანჯაყში არსებული ზეამეთებით და თიმარებით; შავშეთის ქართველების ენის ნიმუშები, საქართვ. მეფეების წარმომავლობა და სხვ.). ვრცელ ცნობებს გვაწვდის ლალა მუსტაფა-ფაშას 1578 ლაშქრობაზე და ა. შ. „მოგზაურობის წიგნის" სხვადასხვა ნაწილი თარგმნილია ქართ., სომხ., რუს., სერბულ., პოლ., ინგლ. ენებზე.
თხზ.: მოგზაურობის წიგნი, გ. ფუთურიძის გამოც., ნაკვ. 1 – ქართული თარგმანი, თბ., 1971; ნაკვ. 2 – გამოკვლევა, კომენტარები, თბ., 1973.
გ. ფუთურიძე