მაკარი ლეთეთელი, IX ს. ქართველი მწიგნობარი, გიორგი გრძელისძე. წარმოშობით ქართლიდან, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ქარელის ახლოს მდებარე სოფ. ლეთეთიდან, რ-იც XVII ს. ისტორიულ საბუთებშიც იხსენიება. მიაჩნიათ, რომ იგი იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის, ეფრემის, ნათესავი და წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, წმ. საბას ლავრაში. მ. ლ. პირველი ქართ. თარიღიანი ხელნაწერის, „სინური მრავალთავის“ (864) შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რ-ის გადამწერადაც მ. ლ. ივარაუდება, მარტივად, უსამკაულოდ არის შესრულებული და ორ სვეტადაა გადანაწილებული. ნაწერი ფართოა და მკაფიო, შესრულებული თანაბარი მრგლოვანი ასოებით.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; სინური მრავალთავი 864 წლისა, თბ., 1959 (ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 5).
მ. შანიძე