მაკაროვი გიორგი ავეტისის ძე (2. IV. 1894, თბილისი, – 18. X. 1966, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. სწავლობდა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინ-ტში (ახლანდ. მოსკ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი). 1915–19 მუშაობდა მოსკოვში ა. ხანჟონკოვის ატელიეში მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ. 1921-იდან აქტიურად ჩაება ქართ. საბჭოთა კინემატოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესში, იყო საქართვ. განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციის წევრი და სექციასთან არსებული კინოსკოლის პედაგოგი. 1921–27 მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ა. ბეკ-ნაზაროვთან და ი. პერესტიანთან. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „წითელი ეშმაკუნები“ (1923; ორივეს რეჟ. ი. პერესტიანი). დამოუკიდებლად გადაიღო მელოდრამა „ქალი ბაზრობიდან“ (ი. ო’ნილის პიესის „სიყვარული თელებს ქვეშ“ მიხედვით, 1928), „ჩქარი № 2“ (1929), „გაყრა“ (1930), „აფსნების ქვეყანა“ (დოკუმენტური ფილმი, 1930), კინოკომედია „ნახვამდის“ (1934), „ქალი მწვანეში“ (1938).
მ. კერესელიძე