მაკდონალდი (Macdonald) ჯეიმს რამსეი [12. X. 1866, მორაიშირი, – 9. XI. 1937, გარდაიცვალა ატლანტის ოკეანეში გემზე. დაკრძალულია ლოსიმუთში (შოტლანდია)], დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მ. იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1900) და მთ. იდეოლოგი. 1906 პირველად გახდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს მიემხრო პაციფისტურ მოძრაობას. სამჯერ იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ორჯერ – ლეიბორისტული პარტიიდან (1924 – ათი თვე, 1929–31), ხოლო მესამედ – ეროვნ. კოალიციური მთავრობის (1931–35). მ. I მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა სოციალისტურ ინტერნაციონალში. 1920 სექტემბერში სხვა ევროპ. სოციალისტებთან ერთად ეწვია საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკას, იმოგზაურა სხვადასხვა რეგიონში. სიტყვით გამოვიდა მიტინგებზე საგარეჯოსა და ტყიბულში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის შესახებ არაერთი სტატია და მოხსენება გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მთავარ სტატიაში (გაზ. „ნეიშენი“) წერდა: „საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთეს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ გაატარეს აგრარული რეფორმა, მოახდინეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია ...შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით... თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი“.
XX ს. 20-იან წლებში მ. იყო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი და თანაუგრძნობდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) ემიგრაციაში მყოფ ეროვნულ, კანონიერ ხელისუფლებას. მაგ., 1924 თებ. ერთა ლიგის მე-5 ყრილობაზე მან შემდეგი შინაარსის ნოტა წარადგინა: „ბრიტანეთის მთავრობა დე იურედ ცნობს სსრ კავშირს, ყოფილი რუსეთის იმპერიის მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომელნიც აღიარებენ მის ხელისუფლებას“. საბჭოთა რეჟიმის მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოებმა, მ. შ. ბრიტანეთის მთავრობამ მ-ის თაოსნობით, ერთობლივი რეზოლუცია წარუდგინეს ერთა ლიგას, რ-მაც იგი თავის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღო. რეზოლუციაში დაგმობილი იყო ის რეპრესიები, რ-საც მაშინდელი ხელისუფლება აჯანყებულების მიმართ ატარებდა.
ლიტ.: კირთაძე ნ., ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919–1924 წწ.), თბ., 1997; საქართველოს ისტორია, ტ. 4, თბ., 2012; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; შარაძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003.
ლ. ურუშაძე