„მაკდონალდსი“

რესტორანი ''მაკდონალდსი''. არქიტექტორები: ვ. და ბ. ორბელაძეები.

„მაკდონალდსი“, ამერიკული კორპორაცია, სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. კომპანია 1940 დააარსეს ამერ. ძმებმა რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა და კალიფორნიის შტატის ქ. სან-ბერნარდინოში გახსნეს პირველი რესტორანი, სადაც შეზღუდული მენიუს, დაბალი ფასებისა და სამზარეულო პროცესის სისტემატიზაციით მიაღწიეს მომხმარებლის სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას. 1954 რეიმონდ ალბერტ (რეი) კროკმა ძმებისგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება და 1955 გახსნა „მ-ის“ პირველი საკუთარი რესტორანი ილინოისის შტატში, ქ. დეს-პლეინსში (დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია). ამავე წელს, მან დაარეგისტრირა კომპანია („McDonald’s System, Inc.“, რ-საც 1960 ეწოდა „McDonald’s Corporation“), 1961 კი მაკდონალდებისგან შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება. იმავე წელს აშშ-ში გაიხსნა ჰამბურგეროლოგიის პირველი უნ-ტი – საგანმან. დაწესებულება კვების სფეროში მომუშავე კადრების მოსამზადებლად, პირველ რიგში „მ-ის“ სისტემაში მომუშავეთათვის. 1962 კომპანიის ლოგოტიპი გახდა 2 ოქროსფერი თაღის შეერთებით მიღებული ასო-ბგერა „“. საზღვარგარეთ „მ-ის“ პირველი რესტორანი გაიხსნა 1967 კანადაში. 2018 მონაცემებით „მ-ის“ სავაჭრო ნიშნით მსოფლიოს 120 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 37855 რესტორანი (აქედან 13914 აშშ-ში) და ჰყავდა 1,9 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი. რესტორნების 93% იმართება ფრანჩაიზინგის პრინციპით. კორპორაციის ერთ-ერთი კარგად განვითარებადი პროექტია კაფეთა ქსელი „McCafe“, რ-ის მენიუში ყავის გარდა შედის სასმელი, დესერტი და კრუასანი.

საქართველოში „მ-ის“ გლობალურმა კორპორაციამ ქართვ. პარტნიორებთან ერთად 1997 წ. 17 დეკემბერს დაარეგისტრირა კომპანია „მაკდონალდს საქართველო“. „მ-ის“ პირველი რესტორანი გაიხსნა 1999 წ. 5 თებერვალს თბილისში (შპს „თ&კ რესტორნები“), შოთა რუსთაველის მოედანზე (არქიტექტორები: ვ. და ბ. ორბელაძეები). ამ პერიოდიდან მოყოლებული „მ-ის“ რესტორნების ქსელი ფართოვდებოდა და ამჟამად საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ფუნქციონირებს ამ ფირმის 18 რესტორანი, აქედან 12 – თბილისში, 2 – ქუთაისში, 2 – ბათუმში, 1 – ზუგდიდში, 1 – რუსთავში. ქართ. „მ–ის“ ქსელში დასაქმებულია 1300–ზე მეტი თანამშრომელი (2021).

2019–იდან „მაკდონალდს საქართველომ“ ბაზარზე შემოიტანა „McCafe“-ს  კონცეფცია, რ-იც ამჟამად 8 ფილიალშია წარმოდგენილი (2021).

საქართველოში „მ-ის“ ოპერირების მთავარი პრინციპია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის გაუმჯობესება, რაც მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნას გულისხმობს.

„მ-ის“ მენიუში შემავალი პროდუქციის დასამზადებლად  გამოიყენება ადგილ. ნედლეული.  2021-იდან „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს თბილისში მდებარე კომპანია „ბრედფილდი“.

საქართველოს „მ-მა“ ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლ. ჯილდო – Best overall performance დაიმსახურა (2019), ევროკავშირმა კი იგი შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა (2017). კომპანიას მიღებული აქვს აგრეთვე ფრედ ტერნერის სახ. „ოქროს თაღი“ (წარმატებული ფრენჩაიზებისთვის, 2022) და რეი კროკის გლობალური ჯილდო 4-ჯერ (გამორჩეული მენეჯერებისთვის – 2015, 2017, 2019 და 2022).

კომპანია ეწევა ქველმოქმედებას – საქართვ. მასშტაბით ყოველწლიურად მართავს საქველმოქმედო კამპანია „მაკჰეფი დეის“ (McHappy Day) განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების მხარდასაჭერად, ასევე სხვა კამპანიების ფარგლებში.