მაკ-კეინ III ჯონ სიდნი

მაკ-კეინ III ჯონ სიდნი (John Sidney McCain) (29.VIII. 1936, პანამის არხის ზონა, – 25. VIII. 2018, კორნვილი, არიზონა, აშშ), პოლიტიკოსი. სენატორი (1986–2018), კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2008 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპ. პარტიის კანდიდატი. მ. III-ის პაპა და მამა აშშ-ის საზღვაო ძალების ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. მ. III 1958 აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ გახდა საზღვაო ძალების მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს მისი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ხუთ წელზე მეტი ჩრდ. ვიეტნამელების ტყვეობაში გაატარა. 1973 მაისში, პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, მ. III გაათავისუფლეს. 1981-იდან ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 აირჩიეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არიზონის ოლქიდან ორი ვადით. აშშ-ის სენატში ხელახლა იყო არჩეული 1986, 1992, 1998, 2004, 2010 და 2016 წლებში.

მ. III იყო საქართველოს ინტერესების დამცველი და მხარდამჭერი. იგი არაერთხელ ესტუმრა ჩვენს ქვეყანას. დაჯილდოებულია წმ. გიორგის სახ. გამარჯვებისა (2006) და საქართვ. ეროვნ. გმირის (2010) ორდენებით.