ალ-მაკრიზი თაკი ად-დინ აჰმად იბნ ალი (1364, კაირო, – 1442, იქვე), მამლუქთა ეპოქის ეგვიპტელი ისტორიკოსი. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები: „გზა მეფეთა დინასტიების შესაცნობად“ („ქითაÐბ ას-სულუÐქ ლიმა’რიფათ დუვაÐლ ალ-მულუÐქ“) და „წიგნი რჩევისა და დარიგებისა კვარტალებზე და ძეგლებზე საუბრისას“ („ქითაÐბ ალ-მავა“-იზ ვა ლ-ი‘თიბარ ფიÐზიქრ ალ-ხიტატ ვა ლ‘ასარ“), სადაც საყურადღებო ცნობებია საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის XIII–XV სს-ში. კერძოდ, მათში საუბარია დავით ნარინის ელჩების ვიზიტზე სულთან ბაიბარსთან 1264–65, 1268; აგრეთვე გიორგი V-ის ორ ელჩობაზე ეგვიპტის სასულთნოში 1316–17, 1320; სულთნისათვის ქართველი მეფის საჩუქრებისა და წერილების გადაცემაზე, პალესტინის წმინდა ადგილების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებზე, ქართვ. ელჩების დასაჩუქრებაზე, ქართველთა მეფისათვის საპასუხო წერილის გამოგზავნაზე და სხვ. მ-ის ცნობით, ქართველებმა ჯვრის მონასტერი დაიბრუნეს 1305.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; სილაგაძე ბ., მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1968, [ტ.] 2; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
გ. ჯაფარიძე