მაკრონები, ძველი ქართველი ტომი. ბინადრობდნენ სამხრ. კოლხეთში. ანტ. ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რ-ნში და მის აღმ-ით. მაგ., ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრ.-აღმ-ით 2 დღის სავალზე. ამ რ-ნშივე მ-ის ყოფნას ადასტურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V ს. ანონიმი მწერალი და სხვ. ზოგიერთი მათგანი (მაგ., სტრაბონი) თვლის, რომ მ-ს ძვ. ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში` თანამედროვე მკვლევრები მოიაზრებენ დას.-ქართ. ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რ-იც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.
მ. სხვა ქართ. ტომებთან ერთად ძვ. წ. V ს-ში შედიოდნენ სპარს. იმპერიის მე-19 სატრაპიაში. მათ მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის, ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.
ლიტ.: ინაძე მ., საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993; ლომოური ნ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, „მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაკვ. 1, თბ., 1977; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
გ. მელიქიშვილი