მალაზონია მამია ვლადიმერის ძე (დ. 19.III.1936, ოზურგეთი), ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ილუსტრატორი. საქართვ. სახ. მხატვარი (1983). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2003).
დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტი (1962). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო მხატვრად კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. 1967-68 იყო რუსთავის დრამ. თეატრის, 1969-76 – მარჯანიშვილის სახ. თეატრის, ხოლო 1976-84 – ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთ. მხატვარი. 1983 მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში (იმავე წლიდან – პროფესორი). პარალელურად, 2001-10 მუშაობდა საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის სახვითი ხელოვნების კათედრაზე. გაფორმებული აქვს მრავალი დრამ., საოპერო და მუს. სპექტაკლი როგორც საქართველოს, ისე მოსკოვის, კიევის, მინსკის თეატრებში, ასევე ანიმაციური და მხატვრული ფილმები, მ.შ. „სევდიანი რომანი“ (1967), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1970), „რანინა“ (1974). მ-მ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის გრაფიკის დარგში. გაფორმებული აქვს იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ (1975-76 და 1980), უ. შექსპირის „ორი ვერონელი აზნაური“ (1976), გ. ტაბიძის „შვიდი ლექსი“ (1980), დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1983), ჯ. ბოკაჩოს „დეკამერონი“ (1996), შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (1997-98, 2009), მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (2000), ნ. გოგოლის „შინელი“ (2004), „სპარტაკი“ (წიგნი-ფოლიანტი, 2015, დაცულია ერმიტაჟში, სანქტ-პეტერბურგი) და სხვ. აღსანიშნავია მხატვრის „კლასიკური ლიტერატურის დიდი ალბომი“ (გრაფიკა, ფერწერა), სადაც დასურათებულია ქართველი, ასევე მსოფლიო ლიტ. კლასიკოსების თხზულებები. ეს ალბომი სათაურით „მამია მალაზონიას წიგნი“ დაიბეჭდა 2009. მ. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „საბჭოთა საქართველო“, „ხელოვნება“, „მერანი“, „ნიანგი“, „Вита Нова“ („Редкая Книга из Санкт-Петербурга“). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1962-იდან. გამოფენები: თბილისი (1978; 1998), მოსკოვი (1987; 2018), სანქტ-პეტერბურგი (2019) და სხვ. პერსონალური: მხატვრის სახლი (თბილისი, 1981), თეატრ. მოღვაწეთა კავშირი (რიგა, 1983), მხატვართა კავშირი (ვილნიუსი, 1987); გალერეა „TMS“ (თბილისი, 1998), მხატვრის ცენტრ. სახლი (მოსკოვი, 2003), №9 Gallery (თბილისი, 2019, 2020, 2022) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისში – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში; საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრ. სახელმწ. და საქართვ. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმებში; მოსკოვში – აღმოსავლეთის ხელოვნ. სახელმწ., ბახრუშინის სახ. ცენტრ. თეატრ., პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმებში; ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეასა და კერძო კოლექციებში. არის ლიტ. პრემია „გალას“ (2008) და მოსკოვის წიგნის ილუსტრაციის საერთაშ. კონკურსის „Образ Книги“ (ილუსტრაციებისათვის „ფრანსუა ვიიონის თხზულებანი“; 2018) ლაურეატი.
თ. გერსამია