მალაქია, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1532–34. ადრე ქართლის მთავარეპისკოპოსი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კახეთის სამეფოში მცხეთის კუთვნილი მამულების შემომტკიცებას. 1532 კახთა მეფე ლევანს (1520–74) დააბრუნებინა მისაკუთრებული მამულები და დაამტკიცებინა კახეთის ტერიტორიაზე მცხეთის მამულების ერთიანი ახალი სიგელი. მ-ს კათოლიკოსობის პერიოდში მეფე ლუარსაბ I-ს (1527–56) სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს თბილისში მეტეხთა მონასტერი წინამძღვრითა და მეტეხელით, ქორდს – ყანდიასშვილი მამულით, თრიალეთს – სოფ. ეძანი, უკანა ბეშქენაშენი, აგრეთვე თელოვანი, ქუაბთა, სრულიად სამცხეთო მამულები, ყმები და ვაჭრები მტკვრის გაღმა-გამოღმა ქალაქსა და გორში.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე