მალაქია I (ერისკაცობაში აბაშიძე), აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1519 – XVI ს. 40-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ბიჭვინთის საკათედრო ტაძარში. მ. I იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510–65) პოლიტ. მომხრე იყო დას. საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საკითხში. ბაგრატ III-ის ბრძანებით მან 1529 ქუთ. საეპისკოპოსო გაყო სამად და დააარსა ხონისა და გელათის ახ. საეპისკოპოსოები, რ-თა მეთაურები ბიჭვინთის ტაძარში აკურთხა. 1533, როცა გაგრასთან ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მ. I ბრძოლის ადგილზე გაემგზავრა და ტყვეები ფულით დაიხსნა. ერთ-ერთ საბუთში მ. I იხსენიება როგორც „დიდი მამამთავართ-მამათავარი აღმოსავლისა და ყოვლისა ჩრდილოს და აფხაზეთის კათალიკოზ მსოფლიო პატრიარქი“.
ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე