მალაქია II, აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1616–39, გურიის მთავრის, გიორგი II გურიელის ძე. ერთდროულად იყო ცაიშელ-ჯუმათელ-ხონელიც, XVII ს. 30-იანი წლებიდან – აგრეთვე გურიის სამთავროს გამგებელი. სახელი გაითქვა როგორც უნარიანმა სახელმწ. და საეკლ. მოღვაწემ. მოაწესრიგა დას. საქართვ. საეკლ. საქმეები, ააგო და შეამკო მრავალი ეკლესია-მონასტერი, მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებსა და ქართვ. კულტურის მოღვაწეებს. მისი ინიციატივით შედგა ბიჭვინთის გუჯართა კრებული და „აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი“. დიდძალი მამულები, ყმა-გლეხები, მოძრავი ქონება (ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით დამზადებული საეკლ. ჭურჭელი, მდიდრულად შემკობილი საღვთისმეტყველო წიგნები და სხვ.) შესწირა ბიჭვინთის საკათოლიკოსოს. ეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლისა და კახეთის მეფეებს, აგრეთვე გ. სააკაძეს.
ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მისივე, ფეოდალური მეურნეობის ორგანიზაციის ისტორიიდან გვიანფეოდალურ საქართველოში, იქვე, 1954, ნაკვ. 30; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე