მალაშხია გიორგი მამანტის ძე (დ. 18. III. 1934, სოფ. ნაკიფუ, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პუბლიცისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექ. დარგში (1975, ავტორთა ჯგუფთან ერთად), დარგობრივი აკადემიების წევრი. 1957 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1964–2006 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და 1991-იდან შედიოდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში). 2006–09 იყო სოხუმის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი. 2009-იდან სტუ-ის სრული პროფესორია. შეთავსებით ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
მ-ის სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება ეკონომიკის ფილოსოფიას, დანახარჯებზე მეტი დოვლათის, მოგების მიღების, სიმდიდრის დაგროვების წყაროებსა და პროცესებს, ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგების საბოლოო სოც. სიკეთეში გარდაქმნის კონცეფციას და სხვ. მან საფუძველი ჩაუყარა ეკონ. კვლევის ახ. მიმართულებას – მეტაეკონომიკას.
მ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი, აგრეთვე სახელმძღვანელოების თანაავტორი. სამეცნ. ნაშრომებისათვის მიღებული აქვს დარგობრივი პრემიები; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები „სულის ამბოხი“ (2016) და „ჩემი სამყარო“ (2023).
თხზ.: მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; Экономика человечная – человек на перепутье, СПб –Тб., 2009; Ненависть к капитализму и коммунизму. Глобальные метаморфозы и будущее человечества, Саарбрюккен, 2022; Metatheory of profit, Tb., 2013.