მალაშხია იური ამბერკის ძე (31. XII. 1928, სოფ. ნაკიფუ, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 22. X. 2000, თბილისი), ნევროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1986), ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი (1997).
1951 დაამთავრა თსსი. 1951–53 იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთ. ექიმი; 1958–62 – თბილ. პირველი საავადმყოფოს ნერვული განყ-ბის ორდინატორი, 1986-იდან – კათედრის პროფესორი და კლინ. ნეიროიმუნოლოგიის განყ-ბის გამგე. მისმა სადოქტორო დისერტაციის ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნეიროიმუნოლოგიის განვითარებას.
მ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და 2 გამოგონების ავტორი, რ-ებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეიროიმუნოლოგიის აქტ. საკითხებს. მისი მეცნ. აღმოჩენაა თავზურგტვინის სითხის თვისება, განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში.
მ. იყო ნეიროიმუნოლოგიის საზ-ბის წევრი. დაჯილდოებულია პ. სარაჯიშვილის პრემიით (1995), ,,ღირსების ორდენით“ (1999).
2000 მსოფლიოს აღმოჩენათა ასოციაციის მიერ წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ნეიროიმუნოლოგიის დარგში.