მალთუსიანელობა

მალთუსიანელობა, კონცეფციათა ერთობლიობა, რომელიც მოსახლეობის რიცხოვნობის უსაზღვრო ზრდას განიხილავს როგორც სოციალური უბედურების, პოლიტიკური რყევისა და ეკოლოგიური კატასტროფის ძირითად მიზეზს. სახელწოდება მომდინარეობს ინგლისელი ეკონომისტის, თ. რ. მალთუსის (1766–1834) გვარიდან, რ-მაც განავითარა მოსახლ. კვლავწარმოების ბიოლოგიურობის იდეა და განსაზღვრა საზ. განვითარების დემოგრ. დეტერმინირების პრინციპი. მალთუსი მიიჩნევდა, რომ დემოგრ. ზრდა არის დამოუკიდებელი ცვლადი, რ-იც კორექტირდება მხოლოდ „დამანგრეველი“ (ომები, ეპიდემიები, შიმშილი) და „გამაფრთხილებელი“ (დაუქორწინებლობა, გვიანი დაქორწინება და ა. შ.) სოც. ფაქტორებით. მალთუსმა ნიადაგის კლებადი ნაყოფიერების კანონზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა თეორია, რ-ის თანახმად, ყველა ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელია მუდმივი მისწრაფება შეუზღუდავი გამრავლებისადმი, ვიდრე ეს მათი საარსებო საშუალებების რაოდენობით არის დასაშვები.

მალთუსის მიერ ჩამოყალიბებული კანონის თანახმად, მოსახლ. იზრდება გეომ., ხოლო არსებობის საშუალებები – არითმ. პროგრესიით.

მალთუსის თეორიაში სიღატაკის, პაუპერიზმისა და პოლიტ. კონფლიქტების ასახსნელად გამოიყენება ბიოლოგიური და მისგან გამომდინარე დემოგრ. დეტერმინიზმი. მალთუსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჭარბი მოსახლეობის თავიდან აცილებით სახელმწიფოში მოისპობა ტირანია და სოც. მღელვარება, რისი მიღწევის საშუალებადაც მიიჩნევდა ქრისტ. ასკეტიზმის გავრცელებას, „ზნეობრივ თავშეკავებულობას“ (დაქორწინებასა და ბავშვის გაჩენაზე ნებაყოფლობით უარის თქმა); ღარიბებისათვის სამთავრობო დახმარების აღმოჩენას მხოლოდ ჭარბმოსახლეობის პრობლემის გამწვავების მიზეზად თვლიდა. იბრძოდა სახალხო განათლების სისტემის შემოღებისთვის, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ხელს შეუწყობდა შობადობის შემცირებას. თუმცა საზ-ბის უმნიშვნელოვანეს ამოცანად თვლიდა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას და ბავშვთა მოკვდაობის შემცირებას.

მალთუსმა პირველმა მიანიშნა მოსახლ. რიცხოვნობის ზრდის ნეგატიური შედეგების შესაძლებლობაზე, საზ-ბის ყურადღება მიაპყრო ჭარბმოსახლეობისა და პაუპერიზმის პრობლემებს.

კ. მარქსი და მისი მიმდევრები ასაბუთებდნენ მოსახლ. კვლავწარმოების კანონზომიერებებისადმი ისტ. მიდგომის აუცილებლობას, კერძო საკუთრებაზე დამყარებულ საზ-ბაში ჭარბმოსახლეობის შეფარდებით ხასიათს. ჭარბმოსახლეობას ისინი უკავშირებდნენ არა ბუნების კანონებსა და შეზღუდულ საარსებო საშუალებებს, როგორც მალთუსი მიიჩნევდა, არამედ სოც. მიზეზებსა და წარმოების საშუალებებზე საკუთრების დამოკიდებულებებს.

მალთუსის გარდაცვალების შემდეგ სახე იცვალა მ-ის დემოგრ. კონცეფციამ, რ-ისგანაც რამდენიმე მიმართულება გამოიყო. მ-ის, როგორც სოც. მოძღვრების არსს, მის ფილოს., ეკონომიკურ და პოლიტოლოგიურ პოზიციებს რამდენადმე არსებითი ცვლილება არ განუცდია. მისი ერთ-ერთი საფუძველია მოსახლ. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უარყოფა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მ-ისადმი მარქსისტებისა და სოციალ. შეხედულებების მომხრეთა ნეგატიური დამოკიდებულება.

1920–40 წლებში მ-ის მომხრეთა კვლევები კონცენტრირებული იყო მოსახლ. რიცხოვნობის ზრდის ცალკეულ შედეგებზე, ჭარბმოსახლეობის სახით ეკოლ. სიტუაციის მომავალ გამწვავებაზე, დაუმუშავებელი მიწების რეზერვის შემცირებასა და ამოწურვაზე. ამ პერიოდის მ-ის მომხრეთა ნაშრომები, როგორც წესი, გამაფრთხილებელი პროგნოზების ფარგლებს არ სცილდებოდა.

XX ს. 50-იანი წლებიდან დემოგრ. აფეთქების პირობებში მალთუსიანურმა იდეებმა ახ. იმპულსი შეიძინა. თანამედროვე მალთუსიანელების დოქტრინაში ცენტრ. ადგილი უჭირავს განვითარებად ქვეყნებში მოსახლ. ზრდის პრობლემებს, რასაც ისინი გლობალური ეკოლ. კრიზისისა და არაერთი სამხ. კონფლიქტის მიზეზად მიიჩნევენ, განვითარებადი ქვეყნების ეკონ. ჩამორჩენილობის შენარჩუნებას კი შობადობისა და მოსახლ. მატების მაღალი დონით ხსნიან.

XX ს. 70-იანი წლებიდან განვითარდა მ-ის მიმართულება, რ-იც იკვლევს გლობალური ეკოლ. კრიზისის პრობლემებს. ამ მიმართულების მომხრეთა აზრით, მ-ის არც ერთ კრიტიკოსს არ დაუმტკიცებია, რომ სოც.-ეკონ. და ტექ. განვითარების მაღალი დონის შემთხვევაშიც კი არ გამწვავდება წინააღმდეგობა მოსახლ. რიცხოვნობასა და გარემოს მდგომარეობას შორის. მალთუსის აღნიშნული ნაშრომი უმნიშვნელოვანესი დემოგრ. ძეგლია, რადგან სწორედ მასშია პირველად ჩამოყალიბებული მოსახლ. განვითარების ზოგადი პრინციპები, რ-ებიც ერთიანი მეცნ. თეორიის სახით არის გადმოცემული.

საქართველოში საბჭოთა პერიოდში და ზოგადად საბჭ. კავშირში თ. მალთუსის უმთავრესი თხზულება – „გამოცდილება ხალხთმოსახლეობის კანონის შესახებ“ – არ გამოცემულა (ამ თხზულების სრული რუს. თარგმანი გამოიცა მოსკოვში 1868, ხოლო შემოკლებული ვარიანტი – 1895, რ-ის სტერეოტიპული ვარიანტიც უკვე საბჭ. კავშირის დაშლის შემდგომ 1993 გამოქვეყნდა), რამაც სათანადო დაღი დაასვა არა მხოლოდ ქართ. დემოგრ. მეცნიერებას, არამედ საერთოდ საზ. განვითარების კანონზომიერებათა შესწავლასაც.

2004–05 წწ. თსუ-ის დემოგრ. კათედრის მიერ განხორციელდა ამ ნაშრომის ქართ. ენაზე თარგმნა და გამოცემა.

ლიტ.: მალთუსი თ., გამოცდილება ხალხთმოსახლეობის კანონის შესახებ, ტ. 1–2 (თარგმ. ა. სახვაძემ), თბ., 2004–05; Маркс К., Теория прибавочной стоимости., Капитал, т. 4 , Маркс К. и Энгельс Ф., Соч., 2 изд., т. 26, ч. 3, М., 1961; Griffith G. T., Population problems of age of Malthus, 2 ed., L., 1967; Chamberlain N.W., Beyond Malthus. Population and power,N. Y.–L., 1970; Kellman M., World hunger. A neo-Malthusian perspective, N. Y., 1987; Mc Cleary G. F., Malthusian population theory, L., 1953.

ა. სახვაძე