მალსეკო

მალსეკო, ლიმონის ხმელა, ლიმონის სოკოვანი დაავადება. გამომწვევია სოკო Phoma tracheiphila. პირველად აღწერილია ხმელთაშუა ზღვის აღმ. ნაწილში, საბერძნეთში – კ. ხირსზე (1894), პოროსული დაავადების სახელწოდებით – კ. პოროსზე (1900), შემდეგ – კვიპროსზე, პალესტინაში, თურქეთში (1933) და სწრაფად მოედო ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში არსებულ ციტრუსოვანთა ნარგავებს.

დას. საქართველოს სუბტროპიკებში მ. ციტრუსოვანთა ნარგავებში გამოჩნდა აჭარაში, ციხისძირის საბჭოთა მეურნეობაში (1940–41), მოგვიანებით კი ქობულეთში, ოზურგეთსა და აფხაზეთში (1952). საქართველოში მ-მ ლიმონის ნარგავები მთლიანად გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ მეიერის ლიმონი, რ-იც გამძლე აღმოჩნდა მ-ს მიმართ, რაც მისი გენეტიკური თავისებურებებით არის განპირობებული. მ-მ გაანადგურა ლიმონის უნიკალური ჯიში „ქართული“ და მისი კლონები (№ 54; № 212, უეკლო), ასევე ვილაფრანკა, ლისბონი, კომუნე, ჯენოა და სხვ., ამიტომ XX ს. 80–90-იანი წლებიდან იგი საქართველოში აღარ გვხვდება.

მ. ტრაქეომიკოზული დაავადებაა. სოკო P. tracheiphila იჭრება მცენარის გამტარ სისტემაში როგორც ჰაერიდან, ისე ნიადაგიდან, გამოყოფს ტოქსინებს, რის შედეგადაც იწყება მცენარის მოწამვლა და მექანიკურად წყდება ფესვებიდან ფოთლებისთვის წყლის და საკვები ნივთიერებების მიწოდება.

დაავადების პირველი ნიშანია ფოთლების ქლოროზულობა (გაყვითლება) და ცვენა, ყლორტებზე წარმოიქმნება მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქები, რ-იც იზრდება ყლორტის გარშემო და იწვევს მის ჭკნობას. დაავადების გაძლიერებისას იგი გადადის დაავადებული ყლორტის გასწვრივ და მის გარდიგარდმო განაჭერზე შეიმჩნევა ქსოვილების მოწითალო-მონარინჯისფრო შეფერვა, რაც დაავადების უტყუარი ნიშანია. მერქნის ასეთი შეფერვა კარგად ჩანს ჯერ კიდევ ცოცხალ ყლორტზე, გამხმარ ნაწილზე კი შეუმჩნეველია. ხის დაავადება ნაყოფზეც გადადის და ის იწყებს ცვენას. მიცელიუმი ვითარდება მცენარის მერქანში კარგად განტოტვილი უფერული ჰიფების სახით, რ-ებიც მთელი წლის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება მარტ-აპრილში, შემდეგ კლებულობს და ზაფხულში მთლიანად წყდება. მ-თვის, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებებისათვის, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რ-ბიც განაპირობებს მის გავრცელებას და მავნეობას. ესენია: ჰაერის მაღალი ტენიანობა (65–90%), ტემპ-რა (18–280C), ლიმონის ჯიშების მიმღეობა, ინფექციური საწყისის არსებობა. მ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გზაა მალსეკოგამძლე ლიმონის სელექცია.

დღეისთვის კვლავ არის მ-ს გავრცელების საშიშროება დას. საქართველოს სუბტროპ. ზონაში, რადგანაც სოკო P. tracheiphila შემოჰყვა საზღვარგარეთიდან შემოტანილ ლიმონის ნერგებს.

ლიტ.: ქაშაკაშვილი ც., ხალვაში ნ., ლიმონის ინფექციური დაავადება მალსეკო, ანუ ხმელა, „ახალი აგრარული საქართველო“, 2017, №7.

ც. ქაშაკაშვილი

ნ. ხალვაში