მამალაძე ლეონიდე სარდიონის ძე

ლ. მამალაძე

მამალაძე ლეონიდე სარდიონის ძე (16. VIII. 1910, შემახა, აზერბაიჯანი, – 24. IV. 1982, თბილისი), არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. ინდუსტრიული ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტი (1936). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1936–40). მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმსა“ (1941–46) და „მოსფილმში“ (1946–51). 1951–54 იყო საკავშ. სას.-სამ. გამოფენის საქ. სსრ პავილიონის მთ. მხატვარი, 1954-იდან კვლავ „ქართული ფილმის“ მხატვარია (1967–71 მთ. მხატვარი). პარალელურად, 1958-იდან იყო საქ. სსრ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთ. მხატვარ-არქიტექტორი. ნამუშევრები: მონუმენტები – „გონების აღმაფრენა“ (1960–61), „შემოქმედება“ (1971; ორივე გამოფენის ტერიტორიაზე), საქ. სსრ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონი მოსკოვში (პროექტი გ. ლეჟავასთან ერთად, 1960). გააფორმა კინოფილმები: „გიორგი სააკაძე“ (1943; რ. მირზაშვილსა და მ. გოცირიძესთან ერთად), „დავით გურამიშვილი“ (1946, ქ. ლებანიძესა და ა. უტკინთან ერთად), „ფიცი“ (1946), „სტალინგრადის ბრძოლა“ (1949; I ხარისხის სტალინური პრემია, 1950), „სპორტული ღირსება“ (1951), „ოთარაანთ ქვრივი“ (1958), „აბეზარა“ (1956), „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (1956), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „შეხვედრა მთაში“ (1966), „ტარიელ გოლუა“ (1968) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.