მამამძუძეობა

მამამძუძეობა (მამამძუძე – გამზრდელი), – სხვის ოჯახში შვილის ვაჟის გასაზრდელად გაბარების ჩვეულება. გავრცელებული იყო მსოფლიოს ხალხების (ძვ. კელტები, არაბები, კავკასიელები და სხვ.) ყოფაში. ვარაუდობენ, რომ მ-ის ინ-ტი შემონახული იყო პატრიარქალური გვარიდან ფეოდ. საზ-ბის ჩათვლით. წარჩინებულთა ოჯახები ჩვილ ვაჟებს აღსაზრდელად თავიანთ ვასალებს ან მსახურებს აბარებდნენ. ჩრდ. კავკასიაში (ყაბარდოელები, ჩერქეზები და ოსები) მ-ის ტრადიცია შემონახული იყო ათალიკობის სახელწოდებით. 7–8 წლამდე ბავშვს ზრდიდა ათალიკის ცოლი – ძიძა-გამზრდელი (ამ მნიშვნელობით „დაბადების“ ქართულ თარგმანში მოხსენებულია დედამძუძე), შემდეგ კი მის აღზრდაზე თვითონ მამამძუძე ზრუნავდა: ასწავლიდა ცხენზე ჯდომას, ჯირითს, იარაღის ხმარებას, თავაზიან სიტყვა-პასუხს, აჩვევდა მამაცობას და ა. შ. დაჭაბუკებულ აღსაზრდელს მამამძუძე ასაჩუქრებდა და საზეიმო ვითარებაში აბრუნებდა მამის სახლში, სადაც ამის აღსანიშნავად წვეულება იმართებოდა. მ. ძველად საქართველოშიც ყოფილა გავრცელებული. იხსენიება V ს. ქართ. ისტ. წყაროებში („შუშანიკის წამება“). ჯუანშერის სიტყვით, ვახტანგ გორგასლის დროს „წესი იყო, რომ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღზარდიან“. ფეოდ. ურთიერთობის დაშლის შემდეგ მ. არსებითად მოიშალა, თუმცა ეს ტრადიცია ზოგან გლეხობაში, განსაკუთრებით დას. საქართვ. მთიანეთში, მაინც შემორჩა; დადასტურებულია ზემო რაჭაში „სხვისიშვილობა“, რ-იც ხელოვნური ნათესაობის თავისებურ ფორმასთან, „კერძმოკეთეობასთან“ იყო დაკავშირებული. ამ ჩვეულების თანახმად, რაჭველი გლეხი ჩვილ ვაჟიშვილს აღსაზრდელად გააძიძავებდა ჩრდ. კავკასიელი მეგობრის – კერძის ოჯახში. აღსაზრდელისა და აღმზრდელის ოჯახთა წევრებს შორის ამ ნიადაგზე მყარდებოდა ე. წ. ძუძუთი ნათესაობა, რაც მათ შორის ქორწინებას კრძალავდა.

ლიტ.: კვაშილავა ი., ეთნოკულტურული ეტიუდები, თბ., 2018; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6); Косвен М. О., Аталычество, „Советская этнография‟, 1935, №2; Смирнова Я. С., Аталычество и усыновления у Абхазов. в XIX–XX вв., „Советская этнография“, 1951, №2.