მამარდაშვილი მერაბ კონსტანტინეს ძე

მ. მამარდაშვილი

მამარდაშვილი მერაბ კონსტანტინეს ძე (15. IX. 1930, გორი, – 25. X. 1990, მოსკოვი. დაკრძალულია თბილისში), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972). სწავლობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტზე (1949–54). 1957–61 მუშაობდა ჟურნ. „Вопросы философии“-ს რედაქციაში; 1968–74 იყო ამავე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1961–66 – ჟურნ. „Проблемы мира и социализма“ (პრაღა) რედაქტორის მოადგილე. მუშაობდა მოსკოვის საერთაშ. მუშათა მოძრაობის (1966–68) და სსრკ მეცნ. აკად. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტ. (1974–80) ინ-ტებში, 1980-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში, სადაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების ფილოს. პრობლემების განყ-ბას, შემდეგ – ცნობიერების ფილოს. პრობლემის შემსწავლელ ჯგუფს. მოსკოვში, თბილისსა და პარიზში კითხულობდა სალექციო კურსს ცნობიერების, აზროვნებისა და სხვა ფილოს. პრობლემების თემატიკაზე.

მ-მა მკაცრი იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებში სცადა ნათელეყო ფილოს. აზროვნების თავისებურება და, ზოგადად, მისი მეცნ. ბუნება. ეს მან განახორციელა როგორც დეკარტისა და კანტის ფილოსოფიის გააზრებით, ისე XX ს. მხატვრული აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწარმოებების, სახელდობრ, მ. პრუსტის ცნობილი რომანის („დაკარგული დროის ძიებაში“) ანალიზით. სხვადასხვა სამეცნ. და საგანმან. ინ-ტებში წაკითხული ლექციების საფუძველზე გამოქვეყნდა მ-ის ლექციების კურსი „Классический и неклассический идеалы рациональности“ (1994) და „Необходимость себя. Введение в философию“ (1996).

ცნობიერება მ-ს ესმის როგორც თავისუფლების აქტი, როგორც ადამიანის თვითტრანსცენდენტირება. სწორედ ცნობიერების უნარის მეშვეობით ადამიანს შეუძლია „გავიდეს“ ემპირიულ ხდომილობათა ნატურალური რიგიდან. ამდენად, ყველა ფილოსოფიური პრობლემა შეიძლება გავიგოთ როგორც ცნობიერების აქტების ანალიზის შედეგი. ფილოსოფია იგივეა, რაც მეტაფიზიკა. ის, რაზეც ფილოსოფოსი რეფლექსიას ახდენს, არის ადამიანის თვითტრანსცენდენტირება, მაგრამ ფილოსოფოსს არ შეუძლია თვითონაც გავიდეს სამყაროდან და მოიპოვოს რაღაც პრივილეგიური წერტილი, საიდანაც გამოჩნდება ტრანსცენდენციის აქტი – ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის მიმართება.

მ-ის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო სოც.-პოლიტ. სინამდვილის ანალიზი ონტოლოგიური თვალსაზრისით, რაც ჩამოაყალიბა არა მხოლოდ წმინდა მეცნიერულ, არამედ პუბლიცისტურ ნაშრომებსა და ინტერვიუებში.

თავის კვლევაში მ. ძირითადად ეყრდნობოდა კლასიკურ ტრადიციას, განსაკუთრებით პლატონის, დეკარტის, კანტის ნააზრევს. ამ სამი ფილოსოფოსის კონცეფციათა განხილვას მან მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომები: „ანტიკური ფილოსოფია“, „კარტეზიანული განაზრებანი“ და „კანტიანური ვარიაციები“.

მ-ის ფილოს. მოღვაწეობამ ფართო საერთაშ. აღიარება მოიპოვა.

XX ს. 80-იან წლებში მ. აქტიურად ჩაება ქართ. ეროვნ. მოძრაობაში, ცდილობდა თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დაპირისპირებოდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

საფრანგეთში, „პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში“ 1992 დაარსდა მ-ის სახ. პრემია. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე დგას მ-ის ძეგლი (მოქანდაკე ე. ნეიზვესტნი).

თხზ.: საუბრები ფილოსოფიაზე, თბ., 1992; Формы и содержание мышления. Критика гегелевского учения о формах познания, М., 1968; Как я понимаю философию, М., 1990; 1994: Классический и неклассический идеалы рациональности, Тб., 1993; Картезианские размышления, М., 1993; Лекции о Прусте, М., 1995; Стрела познания. Набросок естественнонаучной гносеологии, М., 1997.

ო. ჯიოევი