მამაცაშვილი ავთანდილ ნიკოლოზის ძე (დ. 7. V. 1938, თბილისი), დირიჟორი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). 1966 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (პედ-ები: ვ. ფალიაშვილი, ჯ. გოკიელი), 1970 კი – საოპერო, სიმფ.-სადირიჟორო ფაკ-ტი (პედ. ო. დიმიტრიადი). 1959–66 იყო თბილ. III მუს. სასწავლებლის, 1966–71 – თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის პედაგოგი; 1968–73 – საქართვ. ფილარმონიის, 1972–83 – თბილ. მუსკომედიის, 1972–81 – ლოძის (პოლონეთი) საოპერო, 1982–84 – კიევის, 1984–93 – თბილისისა და ქუთაისის (1987) ოპერისა და ბალეტის თეატრების დირიჟორი, იმავდროულად (1980-იდან) – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი და საოპერო სტუდიის დირიჟორი. 1988–93 დააარსა „ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი“ (სამხატვრო ხელმძღვ. და მთ. დირიჟორი). მ-მა აშშ-ში (1990) ამ ორკესტრთან და ამერიკელ მომღერლებთან ერთად ქართულ ენაზე დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. 1997 ჩამოაყალიბა კამერული ორკესტრი ქუთაისში. მ-ის დირიჟორობით შესრულდა ზ. ფალიაშვილის „დაისი“, ო. თაქთაქიშვილის „მუსუსი“ და „პირველი სიყვარული“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“, ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“, გ. ყანჩელის „...და არს მუსიკა“, ჯ. და ვ. კახიძეების „ბარბალე“; მ-ს რეპერტუარში იყო აგრეთვე ა. მოცარტის „დონ ჟუანი“, მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, ჟ. ბიზეს „კარმენი“, ჯ. პუჩინის „ბოჰემა“ და სხვ. მუსკომედიაში – ვ. აზარაშვილის „შვიდნი ძმანი გურჯანელნი“, გ. ცაბაძის „თოვლიანი მთების მელოდიები“, შ. მილორავას „ჩანჩურა“, „ძუნწი“, ა. მაჭავარიანის „ბაღლინჯო“ და სხვ. აგრეთვე ფ. ღლონტის, ვ. აზარაშვილის, ვ. კუხიანიძის, ნ. გუდიაშვილის, ა. შავერზაშვილისა და სხვათა სიმფონიური ნაწარმოებები.
ლიტ.: წულუკიძე თ., არაერთი სიახლის წამომწყები, „მუსიკა“, 2013, №1.
რ. ქუთათელაძე
მ. ჯაფარიძე