მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე (1810, სოფ. რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1874, გორი, დაკრძალულია სოფ. რუისში), საზოგადო მოღვაწე, მწერალი. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1827). მუშაობდა გორის ოლქის უფროსის კანცელარიაში, შემდეგ – თბილისში, უზენაესი მმართველობის კანცელარიაში (1829-იდან – თარჯიმანი). როგორც 1832 შეთქმულების მონაწილე, 1832–36 დაპატიმრებული იყო, შემდეგ გადაასახლეს ვიატკაში, სადაც გაეცნო ა. გერცენს. 1836-იდან გორში ცხოვრობდა. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში იცავდა ყმა გლეხების ინტერესებს, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს. XIX ს. 60-იან წლების დასაწყისში წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს აქვეყნებდა ჟურნ. „ცისკარსა“ და „გუთნისდედაში“, მონაწილეობდა გორის დრამ. წრის მუშაობაში. მ-ის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: ი. გოგებაშვილი, დ. ბაქრაძე, ა. ფურცელაძე, კ. მამაცაშვილი, ვ. თულაშვილი და სხვ. აქ დაიბადა პირველად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის დაარსების იდეა.
ლიტ.: გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 2, თბ., 1970; სააკაძე შ., გერცენის ქართველი მეგობარი, „ლიტერატურული გაზეთი“, 1957, 11 ნოემბ., №45.
შ. გოზალიშვილი