მამაცაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (4. XII. 1894, თბილისი, – 3. XII. 1969, იქვე), ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). 1917 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, სადაც შეისწავლა საეკლ. საგალობლები, ქართ. სასიმღერო ფოლკლორი და ვიოლინოზე დაკვრა (ხელმძღვ. ნ. სულხანიშვილი). სწავლის პერიოდში გ. ლეონიძის ლექსზე დაწერა საგუნდო სიმღერა „ელეგია“ (1910). იყო თბილისში 80 მომღერლისგან შედგენილი ეგზარქოსის გუნდის პირველი ქართვ. რეგენტი. 1917 მიიწვიეს რუს. მუს. კომედიის დასში. 1921-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. მუს. სასწავლებელში. პარალელურად დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1936). 1931–36 იყო უკრაინული მუს.-დრამ. წრის სამხატვრო ხელმძღვ. და დირიჟორი, 1938 – ამიერკავკ. სამხ. ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვ. და დირიჟორი, 1939–48 – თბილ. მუს. სკოლის პედაგოგი, შემდეგ – დირექტორი, 1940–51 – თბილ. მუს. კომედიის თეატრის ქორმაისტერი. 1951 კოჰტლა-იარვეში (ესტონეთი) ხელმძღვანელობდა თავისსავე ჩამოყალიბებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; შემდეგ მოღვაწეობდა თბილ. მუს. კომედიისა (ქორმაისტერი) და რუსთაველის (ლოტბარ-პედაგოგი) თეატრებში, თბილ. „ნიჭიერთა ათწლედში.“
მ-ის რეპერტუარში იყო მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძის „ბრწყინვალე მომავალი“ (1950), ნ. გუდიაშვილის „საჩუქარი“ (1951), რ. გაბიჩვაძის „ჭრიჭინა“ (1952), დ. თორაძის „შურისმაძიებელნი“ (1952), შ. აზმაიფარაშვილის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1952), შ. მილორავას „სასიძოები“ (1953) და სხვ. გუნდისათვის გადაამუშავა დ. არაყიშვილის, ვ. დოლიძის, ო. თევდორაძის, რ. ლაღიძის ო. თაქთაქიშვილის, ს. მირიანაშვილის და სხვათა სიმღერები.
ლიტ.: კობახიძე ბ., რუსთაველის თეატრის ლოტბარი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1966, №6.