მამაწმინდა

მამაწმინდა

მამაწმინდა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკა), ახლანდ. სოფ. იბრიქლიში (Ibrikli).

ეკლესია გუმბათოვანია, მიეკუთვნება ე. წ. კუპელჰალეს ტიპს. თავისი სტრუქტურით იგი მტკიცედ უკავშირდება ქართ. ხუროთმოძღვრების ტრადიციებს, თუმცა თავისებურებების გამო ამ ტიპის ცნობილი ნიმუშებისგან განსხვავდება: ეკლესია უაფსიდოა, საკურთხევლის გვერდებზე არ არის განცალკევებული სადგომები – სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო სივრცობრივი ჯვრის მკლავები, რ-ებიც გუმბათქვეშა კვადრატს ოთხივე მხრიდან ერთვის, აქ იმდენად მცირე სიღრმისაა (დაახლ. 70 სმ), რომ შიდა სივრცის ფორმირებაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა თითქმის არა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გამარტივებული სახით, ეს არქიტ. ტიპი, საქართვ. დანარჩენ კუთხეებში არ გვხვდება.

ეკლესიის კედლები შიგნიდან ნატეხი ქვით არის ნაგები, კონსტრ. ელემენტები კი სუფთად ნათალი ქვითაა გამოყვანილი. კედლები გარედან მოპირკეთებულია მეტ-ნაკლებად წესიერად თლილი ფოროვანი ქვით (დიდი ნაწილი ჩამოცვენილია). ინტერიერი შელესილი და მოხატულია.

ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია (6,4×6,0 მ). გუმბათი ეყრდნობა გრძივი კედლების შვერილებს, რ-ებიც, არსებითად, თვითონაც კედლის მონაკვეთს წარმოადგენს. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარი სიღრმისაა და ცილინდრული კამარა ხურავს. აღმ. და დას. მკლავების გვერდითი კედლების ქვედა ნაწილში თითო თაღოვანი უბეა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. გუმბათის ყელში არსებული ოთხი სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ოთხი სარკმელი ანათებს, რ-ებიც ოთხივე კედლის ღერძზეა გაჭრილი. მათგან დას-ისა, ეკლესიაზე ამ მხრიდან მოგვიანებით მიშენებული, გეგმით კვადრატული (3,8 მ × 3,8 მ) სადგომითაა დაფარული. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიაში სწორედ ამ მხრიდანაა.

გარედან ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი შენობის აღნაგობა აქვს: ჯვრის ოთხივე მკლავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათის ყელი კი შენობის ცენტრშია, რ-იც ფართოდ აზის ტაძრის ქვედა ტანს. დამუშავების მხრივ ეკლესიის ფასადები უაღრესად მარტივია. ეკლესია არქიტ. ნიშნებით, სავარაუდოდ, XVI ს-ით თარიღდება (ამავე ხანას მიაკუთვნებს ეკლესიას არქიტექტურის ისტორიკოსი ა. პავლინოვი, რ-მაც ეკლესია 1888 მოინახულა).

შიგნით, გუმბათის ყელში და კედლების ზედა ნაწილებში შემორჩენილია მოხატულობის ნაშთები. გამოსახულებებს ახლავს ქართ. და ბერძნული წარწერები. მ. შ. ქართ. ასომთავრულით შესრულებული ისტ. შინაარსის მქონე წარწერაცაა, რ-იც ბუნებრივი და ხელოვნური დაზიანების გამო სრულად არ იკითხება. წარწერა 5 ნაწილად არის დაყოფილი. დღეისათვის მეტ-ნაკლებად განირჩეევა 4 ნაწილი. ისტორიკოსი ბ. კუდავა ფიქრობს, რომ წარწერა საქტიტორო ხასიათისაა და იგი ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. ხელოვნების ისტორიკოს ვ. ჯობაძის აზრით, მოხატულობა შესაძლოა შესრულებული იყოს იმავე მხატვრის მიერ, რ-მაც მოხატა ისტორიულ ლაზეთში, ქ. ტრაპიზონის მახლობლად მდებარე სუმელას ქართ. მართმადიდებლური მონასტერი.

ლიტ.: ბერიძე ე., ნიგალი, თბ., 1989; გენგიური ნ., უპელჰალე, თბ., 2005; კუდავა ბ., მამაწმინდის ეკლესიის საქტიტორო წარწერა, საქართველოს სიძველენი, ტ. 19, თბ., 2016; ხოშტარია დ., კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ., 2005; ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007; Павлинов А. М., Экспедиция на Кавказ 1888 года, „Материалы по археологии Кавказа“, вып. 3, М., 1893; Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, Leiden, vol. 8, 2010; Thierry, J-M., Les Monuments Géorgiens de Turquie Orientale, Revue des Études Géorgiennes et Caucasiennes, No 5, P. 1989, p. 140.

თ. დვალი