მამითადი, ნადი, კოოპერაციული შრომის ერთ-ერთი ფორმა, რ-საც ძირითადად, შემოსული პურეულის მოწევის დროს ქმნიდნენ. როგორც შრომის ორგანიზაციის გამომხატველი ტერმინი, ქართ. წერილობით წყაროებში XIII ს-იდან დასტურდება და საბატონო ბეგარას გულისხმობს. მ-ში მონაწილეობდნენ მთელი სოფლის ან მებატონის ვალდებული ყმები (50–100 კაცი), რ-ებიც ემსახურებოდნენ ფეოდალს ყანის მკაში, სახლის შენებაში, ხე-ტყის დამზადებასა და ა. შ. მას შემდეგ, რაც მ-მა საბატონო ვალდებულების ფორმა დაკარგა, მან შრომამოგების ხასიათი მიიღო – მ-ის წევრები შრომის აუნაზღაურებლად ეხმარებოდნენ თანასოფლელებს სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში.
ლიტ.: რობაქიძე ა., მოდგამი როგორც ექსპლოატაციის ერთი ფორმა რევოლუციამდელ საქართველოში, „მიმომხილველი“, 1951, [ტ.] 2; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; მისივე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1986.
გ. ჯალაბაძე