მამისაშვილი ნოდარ ლევანის ძე (15. XII. 1930, თბილისი, – 10. I. 2022, იქვე), კომპოზიტორი, თეორეტიკოსი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967), პროფესორი (1982). 1956 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიტორო კლასი). 1963-იდან იქვე მუშაობდა საკომპოზიციო კათედრის პედაგოგად, 1973–79 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1990–91 – თავ-რე. 1989-იდან სას. აკადემიაში ასწავლიდა მართლმადიდებლური გალობის ისტორიას, 1995-იდან იყო ჰოლოსტუდია „თეთრი კვადრატის` პრეზიდენტი, 1996-იდან – ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთ. კოორდინატორი. არის გამოგონებების ავტორი. შექმნა 9 საეკლ. ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რ-ის მიხედვითაც მოხდა თბილ. სამების ტაძრის სამრეკლოში ზარების განაწილება. ქართული გალობის ჰარმონიიდან მან გამოყო ძირითადი ფუძე-ტონები და გადაიტანა 9 ზარის ხმოვანებაში, ასევე განახორციელა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით, შექმნა მუსიკა სამების ზარებისთვის, რ-იც მხოლოდ ამ ტაძარში სრულდება. მ-ს ეკუთვნის საბავშვო ოპერა „ბაქია ბაჭია“, ბალეტი „სამი გასაღები“, ექვსი სიმფონია, ხუთი საფორტეპიანო კონცერტი და სხვადასხვა ჟანრის მუს. ნაწარმოებები. მუსიკალურად გააფორმა რადიოდადგმები, სპექტაკლები: ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (რუსთაველის თეატრი), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი), შვერმბერგერის „ნანა ტყეში“ (თოჯინების ქართული თეატრი), აგრეთვე მხატვრული ფილმები: „ფერისცვალება“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1968), „დიდედები და შვილიშვილები“ (რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1969), „ეი, მაესტრო!“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1987); ნაყოფიერად თანამშრომლობდა კინორეჟისორ მ. კოკოჩაშვილთან („მიხა“, 1965; „დიდი მწვანე ველი“, 1967; „ნუცას სკოლა“, 2000; „უსუი“, 2005; დოკუმენტური ფილმები: „გზა“, 1983; „ფენომენი“, 1992; „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“, 2007); შექმნა მუსიკა ანიმაციური ფილმებისთვის: „ონავარი“ (1965, რეჟ. კ. სულაკაური), „ქვასანაყი“ (1976, რეჟ. ბ. შოშიტაიშვილი), „კერკეტი კაკალი“ (1987, რეჟ. ო. ანდრონიკაშვილი) და სხვ. მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. „სამფაზიანი კომპოზიციის მუსიკალური სისტემა“ (1978) და სხვ.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მახათას მთის პანთეონში.
ლიტ.: დეკანოიძე ა., რა კი არა, როგორ, „მუსიკა“, 2018, №3 (36); ტორაძე გ., ნოდარ მამისაშვილი, წგ.: მუსიკის სამყაროში, თბ., 2010; Мгебришвили К., Малиновый звон, „Русский клуб“, 2022, №11.
რ. ქუთათელაძე
მ. ჯაფარიძე