მამისთვალოვი-კეზერაშვილისა თამარ იცხაკის ასული (5. I. 1932, ქ. ცხინვალი, – 8. VI. 2019, ისრაელი, ქ. ბათიამი), ჟურნალისტი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თსუ-ის საპატიო დოქტორი, საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის საპატიო წევრი (1993), რადიო „ისრაელის ხმის“ ქართულენოვან გადაცემათა დამაარსებელი და წამყვანი, საქართვ. ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავ-რე, ისრაელის მწერალთა კავშირის თავ-რის მოადგილე, სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1973).
დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1959–70 მუშაობდა სოხუმში, აფხაზეთის ადგილობრივ და რესპუბლიკურ გაზეთებში. 1970-იდან იყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის საკუთარი კორესპონდენტი. 1961–73 – მისი ძმის, მწერალ ა. მამისთვალოვის მიერ დაარსებული საქართვ. იატაკქვეშა სიონისტური ორგანიზაციის აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვ. 1998-იდან – ქართვ. ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაციის თავ-რე. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნ.-გაზეთში, მ. შ. მოსკოვში გამომავალ იდიშურენოვან ჟურნალ „სოვეტიშ ჰეიმლანდში“. 2002 მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „ციონი“. 2002 საქართვ. და ისრაელს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს ი. ჯავახიშვილის მედლით. ივრითიდან ქართულად თარგმნა 10-ზე მეტი წიგნი, მ. შ. მოსეს ხუთწიგნეული, ანუ ხუმაში (თორას ხუთწიგნეული). ამ თარგმანისათვის მიენიჭა ი. მაჩაბლის სახ. პრემია (1995).
მ-ს გამოცემული აქვს მოთხრობებისა და ნოველების კრებულები. არის საქართვ. საპატიო მოქალაქე (2004).
თხზ.: საიდუმლო, სოხ., 1973; „მოლოდინი“, თელ-ავივი, 1987.
თ. დოლიძე