მამლუქები

მამლუქები (არაბ. – თეთრი მონა), არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მ-ის სოც. კატეგორია გაძლიერდა XI ს. II ნახ-იდან ეგვიპტეში, XVIII ს. დასაწყისიდან – ერაყში. ეგვიპტეში მათი ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169–93) უკავშირდება, რ-მაც თეთრკანიანი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების, დიდი რაოდენობით შეძენა, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვა და დაწინაურება დაიწყო. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მიწის დიდ ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მ-ის სამხ.-ფეოდ. კასტა, რ-მაც ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მ-ის 2 დინასტია განაგებდა: 1. ბაჰრელები (თურქ. წარმოშობის; ბაჰრ – არაბ. ზღვა, იგულისხმება ზღვით შემოყვანილები 1250–1382), რ-ებიც ეთნიკურად უპირატესად ყივჩაყები იყვნენ. ბაჰრელი მ-ის სასულთნოში ქართველები ცოტანი იყვნენ რაიმე სერიოზული დაჯგუფების შესაქმნელად, თუმცა ინდივიდუალურად საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ (მაგ., საიდ ად-დინ ასანდამურ ქურჯი ალ მანსური); 2. ბურჯელები (1382–1517). მათში ეთნიკურად ჩერქეზები ჭარბობდნენ და ზოგადად მათ ჩერქეზებს უწოდებდნენ. აქაც ქართველები ნაკლებად იყვნენ. ბურჯელი მ-ის მმართველობის ადრეულ პერიოდში ჩანს ქართველი ამირა ქურჯი აშ-შამსი (XIV ს. 70–80-იანი წლები).

XIII–XIV სს-ში მ-ის სამფლობელოები გადაჭიმული იყო დას-ით კირენაიკამდე (თანამედროვე ლიბია), სამხრ-ით ნუბიამდე (სუდანი), ჩრდ-ით ტავრის მთებამდე (სამხრ. თურქეთი). ისინი მფარველობდნენ წმინდა ქალაქებს – მექასა და მედინას. სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. სულთნებს დიპლ. კავშირები ჰქონდათ ქართველ მეფეებთან, რ-თა ძირითადი მიზანი წმინდა მიწაზე, პალესტინაში, ქართველთა სამონასტრო თემისა და ქართველთა კუთვნილი ეკლესია-მონასტრების დაცვა იყო, მაგ.: სულთან ბაიბარსის (1260–77) დიპლ. ურთიერთობა დას. საქართველოს მეფე დავით VI ნარინთან; დიპლ. მისიების გაცვლა (24. X. 1264–13. X. 1268); 1305–06 ელჩობა; სულთან ან-ნასირ-ალ-დინ მუჰამადის (1293–94, 1299–1309, 1310–41) 1308 წ. 6 აპრ. ბრძანებულება, რ-ითაც გოლგოთა გადავიდა ქართველთა მფლობელობაში; 1310 იმერეთის მეფე კონსტანტინე I-ის ელჩობა, რ-ის შედეგად ჯვრის მონასტერი ქართველებს დაუბრუნდათ (1310–11), სანაცვლოდ კი მფარველობა უნდა გასწეოდათ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და დაცული ყოფილიყო მუსლიმი ვაჭრების ინტერესები; გიორგი V-ის მიერ გაგზავნილი ელჩობა ეგვიპტის სულთანთან 1316 და 1320; ქართველებისათვის გოლგოთის დაბრუნებას ეხებოდა XV ს. 30–40-იან წლებში დიპლ. ურთიერთობები სამცხე-საათაბაგოს გამგებელ ივანე II ჯაყელსა და ეგვ. სულთნებს – ბარსბაისა (1422–38) და ჯაკმაკს (1438–53) შორის; ქართველების თხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოში მუსლიმთა უფლებების დაცვის პირობით. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის კარის მოძღვრის, კირ ნილოსის ელჩობა (1493–94) სულთან კაითბაისთან (1492–96); 1512 კახეთის მეფე გიორგი II-ის წარმომადგენლის, ბეენა ჩოლოყაშვილის ელჩობა სულთნის კარზე და სხვ.

ეგვიპტის მ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ურთიერთობა ევროპელ ჯვაროსნებთან, კილიკიის სომხურ სამეფოსა და ილხანთა სახელმწიფოსთან. 1265 მ-მა გაიმარჯვეს კილიკიის სომხეთში; 1268 განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან; განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ომები იყო ილხანთა სახელმწიფოსთან 1260-იდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რ-იც 1323 წ. 20 ივნ. ორ ქვეყანას შორის დაზავებით დასრულდა.

1517 ხანგრძლივი ფეოდ. აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა დაიპყრო და თავისი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადა. ქვეყანას ოსმ. სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მ-ს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ ისინი მაინც თავიანთი სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1520 ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა სირიის გამგებელი ჯანბირდი ალ-ღაზალი (დაინიშნა 1518). მან გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი დამასკოში, განდევნა თურქები ბეირუთიდან, ტრიპოლიდან, ჰამადან, თუმცა 1521 დამარცხდა და სირიის ავტონომია გაუქმდა. 1523 ეგვიპტეში დამარცხდა ჩერქეზი ამირების მეთაურობით დაწყებული აჯანყება. პოლიტ. სიტუაციის ახალი გამწვავება გამოიწვია 1523 წარმოშობით ქართველი ბეილერბეად აჰმედ ფაშას დანიშვნამ, რ-მაც 1524 თავი სულთნად გამოაცხადა და აღადგინა მ-ის სახელმწიფო. მალე ოსმალებმა ისიც შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (1524 წ. 6 მარტი). ეგვიპტეში სიტუაციის დამშვიდება შეძლო იბრაჰიმ-ფაშამ (სულთან სულეიმან კანუნის ფავორიტი). 1524-იდან 1587-მდე ეგვიპტეში არ მომხდარა სერიოზული პოლიტ. მღელვარება. XVI ს. ბოლოსა და XVII ს. დასაწყისში ეგვიპტის გარნიზონებში ხდებოდა აჯანყებები. ამავე პერიოდში აღორძინდა მ-ის სამხ. სისტემა და XVII ს. შუა ხანებში პოლიტ. უპირატესობა მ-ის ხელში გადავიდა. ეგვ. და აღმ. წყაროების მონაცემებით XVI ს-იდან ეგვიპტეში ქართველთა რიცხვი თანდათანობით გაიზარდა და XVIII ს-ში ქართული წარმოშობის მ. ფაქტობრივად განაგებდნენ ეგვიპტეს – მუჰამად ბეგ კატამიშისა და ალ-კაზდაღლის სახლებში უმრავლესობა ქართველები იყვნენ: ალი ბეი ალ-ქაბირი, მუჰამად ბეგ აბუ ზ-ზაჰაბი, იბრაჰიმ ბეგი ალ-ქაბირი (შინჯიკაშვილი), მურად ბეგი, იბრაჰიმ ქათხუდა, ისმაილ ბეგი. არაბი ავტორის ალ-ჯაბართის ცნობით, XVIII ს. დამდეგს რამდენიმე ცნობილი მამლუქი ატარებდა ნისბას – ალ-ჯურჯი (ე. ი. ქართველი): ივაზ ბეგ ალ-ჯურჯი, ხალილ ქაშიფ ალ-ჯურჯი, უსმან ქათხუდა ალ-ჯურჯი და სხვ. ალ-ჯაბართი აგრეთვე ასახელებს ამა თუ იმ მამლუქი ამირას (ჰუსაინ ბეგი, რიდვან აღა ალ-ფაკირი, ალი ბეგ ალ-ჰინდი) ქართ. წარმომავლობას. შიდაპოლიტ. სტაბილურობით, შედეგიანი რეფორმებით და ეგვ. საზ-ბის სოც. და კულტ. განვითარების მაღალი დონით გამოირჩეოდა ორი პოლიტ. ლიდერის – ალი ბეგ ალ-ქაბირისა და მუჰამად ბეგ აბუ ზ-ზაჰაბის მმართველობის პერიოდები. შედარებით მოკლე დროში ოსმალთა ძალაუფლება გახდა ნომინალური, ეგვიპტეში შეიქმნა მ-ის ავტონ. რეჟიმი (1769), მაგრამ 1773 ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. სხვადასხვა დროს მ-ს ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მ-ის წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის გათავისუფლების საქმეში (1798–1801). ნაპოლეონი ასე აფასებდა მ-ის სამხ. ოსტატობას: „შეტევის წინ მამლუქები ისროდნენ ექვსი სახის იარაღიდან: თოფიდან, მუშკეტიდან, ორი წყვილი დამბაჩიდან: ერთ მათგანს ატარებდნენ უნაგირზე და მეორეს – მკერდზე. ეს იყო მშვენიერი ლაშქარი“. ნაპოლეონმა შექმნა მ-ის კორპუსი, რ-იც 1799 აგვ. წაიყვანა საფრანგეთში. მისი ბრძანებით 1801 წ. 13 ოქტომბერს შეიქმნა მ-ის ესკადრონი 240 მხედრის შემადგენლობით, რ-იც 1804-იდან იმპერატორის გვარდიაში ჩართო. მათ შორის იყვნენ ქართველებიც.

1808 ოსმ. სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში მუჰამად ალიმ (1805–48) მ-ს მიწები ჩამოართვა. 1811 წ. 1 მარტს აღლუმში მონაწილეობისათვის კაიროში მოიწვია ყველა მამლუქი დიდებული (470 მამლუქი და მამლუქებივით გამოწყობილი კაიროს მცხოვრებნი, სულ 1000-მდე კაცი) და ვერაგულად გააჟლეტინა. გადარჩენილები დონგოლაში გაიქცნენ და ნილოსის მარჯვ. ნაპირზე შექმნეს ახალი გამაგრებული დასახლება ალ-ურდი (ორდუ, ბანაკი), თუმცა 1820 დაიწყო მუჰამად ალის სამხ. ექსპედიცია სუდანში, რ-ის მიზანი იყო ოქროს მოპოვება და დონგოლაში მ-ის საბოლოო განადგურება. მ-ის ერთი ყველაზე შეურიგებელი ჯგუფი შენდიში, ხართუმის ჩრდ-ით გადაიხვეწა, მეორემ დამორჩილება ამჯობინა. ისინი შეიწყალეს.

ერაყში მ-ის ბატონობა 1749-იდან დაიწყო. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი წვლილი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: სულეიმან აბუ ლაილს (1749–62), სულეიმან ბუიუქს (1780–1802), ჰაფიზ ალის (1802–07), სულეიმან ქუჩუქს (1807–10) და დაუდ-ფაშა გურჯს (1817–31). 1829 დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა. 1831 წ. 16 სექტ. იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხეს და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები კი დახოცეს. ამით მ-ის ბატონობა დასრულდა.

ლიტ.: ბეი მამიკონიანი გ., ქართველ მამელუკთა მბრძანებლობა ერაყში XVIII და XIX საუკუნეებში, „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“ 1944, ტ. 5, №7; თოფურიძე ი., მამლუქთა ეპოქა ერაყში, თბ. 2016; სილაგაძე ბ., ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში (1749–1831), თბ., 1978; მისივე, ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, 1798–1807 წლებში, თბ., 1987; ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967; ჯაფარიძე გ., დიპლომატიური კონტაქტები საქართველოსა და ეგვიპტეს შორის XIV–XVI ს-ის დასაწყისში იერუსალიმში აღმოჩენილი არაბული დოკუმენტების მიხედვით, ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 1, თბ., 1994; მისივე, საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, თბ., 2016; ჯაფარიძე გ., წურწუმია მ., საიდ ად-დინ ასანდამურ ქურჯი – ქართული წარმოშობის ამირა ბაჰრელ მამლუქთა სასულტნოში, „აღმოსავლეთმცოდნეობა“, 2012, №1; Мачарадзе В. Б., Грузинские документы из истории русско-грузинско-египетско-эфиопских отношении 60 годов ХVIII века, Тб., 1967.

ბ. სილაგაძე

გ. ჯაფარიძე