მამნე, ქართველი ოქრომჭედელი. მოღვაწეობდა XVI ს. პირველ ნახევარში, როგორც ირკვევა, თავდაპირველად სამცხის ათაბაგთა კარზე, შემდეგ – იმერეთში. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ მოჭედილმა რამდენიმე ნამუშევარმა, მ. შ. ყველაზე მნიშვნელოვანია სამცხის ათაბაგ ყვარყვარე III-ისა და მისი მეუღლის, ანას შეკვეთით მოჭედილი კანკელის წინ დასადგმელი (230 სმ ×107 სმ) სადგერის დიდი ჭედური ჯვარი, რ-იც მასზე გაკეთებული წარწერების თანახმად, 1522–29 თარიღდება. ჯვარზე გამოსახულია რელიგიური დღესასწაულები (13 კომპოზიცია) და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები. მოჭედილია (მაღალი რელიეფით) მოოქრული ვერცხლის სქელი ფირფიტებით, რ-ებიც დაკრულია ხის ჯვარზე. მ. ჯგუფური სცენების გამოსახვის დიდოსტატია. მისი კომპოზიციები შეკრული, ერთიანი და დინამიკურია, ფიგურები – ოდნავ დაგრძელებული და მონუმენტური; ოსტატი ზოგჯერ მოცულობის გამოსახვასაც ახერხებს. მისი შემდეგი პერიოდის ნამუშევარი, ბარაკონის კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (213 სმ × 105 სმ), იმერეთში უნდა იყოს შესრულებული. მ. ბარაკონის ჯვრის კომპოზიციებში ოსტატურად იყენებს ორნამენტსაც. მისი ნამუშევარია აგრეთვე გელათისა და ხონის საწინამძღვრო ჯვრები (პირველი შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმში ინახება, მეორე – ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში), რ-თა მიხედვით იგი ორნამენტის საკმაოდ დახვეწილ ოსტატად გვევლინება. მასვე მოუჭედავს შემოქმედის ხატი, რ-იც დაკარგულია.
მ. მაღალი რანგის ოსტატი იყო. მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გვიანდ. ხანის ქართულ ოქრომჭედლობაში. XVI–XVIII სს. ქართ. ოქრომჭედლობის აღორძინება სწორედ მ-ს დამსახურებაა.
ლიტ.: ჩხარტიშვილი ა., მამნე ოქრომჭედელი, თბ., 1978.