მამულა

მამულა. წმ. მარინეს ეკლესია. განვით. შუა საუკუნეები.

მამულა (1949-მდე მამლოსოფელი), სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტში (გომარეთის თემი), გომარეთის პლატოზე. ზ. დ. 1410 მ, დმანისიდან 35 კმ. 51 მცხ. (2014). სოფლის სახელწოდება დატანილია 1898 რუსეთის ერთვერსიან რუკაზე („мамула- софели“).

სოფლის განაპირას, სამხრ-ით დგას წმ. მარინეს დარბაზული ეკლესია (8,9×5,6 მ). ძეგლის სხვადასხვა პერიოდის ორივე სამშენებლო ფენა ნაგებია ბაზალტის ქვით. თავდაპირველი ფენა, სავარაუდოდ, განვით. შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გვიანდელი კი (კედლების ზედა ნაწილი, კამარა და კონქი) – XVI–XVII საუკუნეებს. შენობის აღდგენილ ნაწილში ქვა გაცილებით უკეთ არის დამუშავებული (განსაკუთრებით შიგნით) და წყობის ხარისხიც ბევრად მაღალია. შესასვლელი სამხრ-იდანაა. კარი ლოდითაა გადახურული, რ-საც მხოლოდ ძირი აქვს გასწორებული, დანარჩენი ნაწილი კი მომრგვალებულია. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდია, რ-შიც თაღოვანი სარკმელი და ორი ოთხკუთხა ნიშია. აფსიდს მთელ სიგრძეზე გაუყვება დაახლ. 1 მ სიმაღლის საფეხური, რ-იც აფსიდის ბოლოებისკენ თანდათან ვიწროვდება და სრულდება. აფსიდში დგას მთლიანი ქვის მაღალი ტრაპეზი. გრძივი კედლების შუაში პროფილირებული კაპიტელით დაგვირგვინებული თითო მარტივი პილასტრია, რ-ებზეც გადაყვანილია კამარის ნახევარწრიული საბჯენი თაღი. ინტერიერს, საკურთხევლის სარკმლის გარდა, დას. კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს. საკურთხევლის სარკმელი გარედან შემკულია სამმაგი ლილვით შედგენილი ჰორიზონტალურგადანაკეციანი თავსართით, რ-ის ორივე გადანაკეცის ქვემოთ თითო რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. მსგავსი გამოსახულებაა სარკმლის გვერდით (ჩრდ-ით) მდებარე ქვაზეც. ჯვრის გარდა, ქვაზე ქართული ასომთავრულით შესრულებული დაქარაგმებული წარწერაცაა – „წმიდა მარიამი“. მეორე დაქარაგმებული წარწერა დას. ფასადზეა, სარკმლის ზემოთ მოთავსებულ ქვაზე, რ-იც ასე იკითხება: „ქრისტე შეიწყალე ბაკურ“.

ეკლესიის კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.

ეკლესიის ეზოში ძველი საფლავის ქვებია.

ლიტ.: Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, Leiden, vol. 4, 1999.

ნ. ანდღულაძე