მამულაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (16. V. 1898, თბილისი, – 31. X. 1982, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962). სწავლობდა თბილ. სამასწავლებლო სკოლაში (1918–19) და მოსკ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ტექნიკუმში (1928–30). მუშაობდა მოსკ. კინოფაბრიკა „მეჟრაბპომფილმში“ (1930–36), შემდეგ – „თბილისის კინოსტუდიის“ ქრონიკის სექტორში. გადაიღო დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმები: „შალვა დადიანი“ (1937), „დიადი თარიღი“ (1938), „სალმე“ (1941), „რა გააკეთე შენ სამშობლოს გამარჯვებისთვის“ (1943), „ახალგაზრდობის აღლუმი“ (ორივე 1944), „პატრიოტული მოვალეობა“, „აბასთუმანი“ (1946), „ილია ჭავჭავაძე“ (1957), „აკაკი წერეთელი“ (1959), „იაკობ გოგებაშვილი“ (1960), „ვასილ ამაშუკელი“ (1971) და სხვ. მისი თაოსნობით შეიქმნა კინოჟურნალი „ნორჩი თაობა“ (1947–53, შემდგომში „პიონერი“ 1954–73).
მ. კერესელიძე