მამულაშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე

მ. მამულაშვილი

მამულაშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (14. IX. 1873, მცხეთა, – 6. I. 1973, იქვე), მებაღე-დეკორატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ – წინამძღვრიანთკარის სას.-სამ. სასწავლებელში. 1890 დაამთავრა თბილ. საბაღოსნო სასწავლებელი. 1890–98 მუშაობდა კავკ. მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლის ბაღი). მ. იყო საქართველოში საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი, მან მრავალი ველური ყვავილი გააკულტურულა და შექმნა ორიგინ. სტილის მხატვრული კომპოზიციები. მ. მონაწილეობდა ყვავილების გამოფენებში. 1960 სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მიიღო ვერცხლის, ხოლო 1962 მოსკ. მანეჟის ყვავილების გამოფენაზე – ოქროს მედლები. მ-ის მცხეთის ბაღში (საფუძველი ჩაეყარა 1893) დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმი. იხ. აგრეთვე მცხეთის ბაღი.

ლიტ.: შონია მ., მიხეილ მამულაშვილი, თბ., 1973; ხახუტაშვილი ქ., მცხეთელი მინდია, თბ., 1963.

მ. შონია