მამული

მამული, 1. მამაპაპეული, წინაპრებისაგან მიღებული უძრავ-მოძრავი ქონება და სხვა. ნაწარმოებია სიტყვისაგან მამა (ანალოგიური წარმოებისაა დედული, მომდინარეობს სიტყვისაგან დედა). შუა საუკუნეების ქართულში განსაზღვრავდა წინაპრებისაგან გადმოცემულ ნივთს, ქონებას, მხარეს, ქვეყანას, სამფლობელოს, ადათს, სარწმუნოებას და სხვ. მაგ., „მამული ქვეყანა“ ნიშნავდა მემკვიდრეობით მიღებულ მიწას; „მამული შჯული“ – მამაპაპეულ სარწმუნოებას; „ჴრმალი მამული“ – წინაპართა ხმალს; „სახლი მამული“ – წინაპართა მხარეს; „მამული სამკჳდრებელი“ – წინაპართა საცხოვრებელ ქვეყანას და სხვ.

  1. სამშობლო. მსაზღვრელი სიტყვიდან მ. იქცა დამოუკიდებელ არსებით სახელად და შეითავსა საზღვრული სიტყვის ცნებაც – წინაპართა ქვეყანა, ე. ი. სამშობლო. ასეთი მნიშვნელობით მ. იხმარებოდა არა მარტო შუა საუკუნეებში, არამედ – შემდგომ ეპოქაშიც, ზოგჯერ კი იყენებენ თანამედროვე ქართულშიც.
  2. ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმა: კერძო, მემკვიდრეობით მფლობელობაში არსებული მიწა (შეესატყვისება დაახლ. დას. ევრ. ალოდი, რუს. – ვოტჩინა, სომხ. – ჰაჲრენიქი; ახლო-და შუააღმოსავლური – მულქი; ჩინური – ჯუან-ტიანი; იაპონური – სიოენი).

ივ. ჯავახიშვილის აზრით, მ. „საგვარეულო, მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების აღმნიშვნელ ტერმინად იქცა IX–X სს-იდან“. ამ საკითხზე არსებობს სხვა თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რ-ის მიხედვით მ-მა ასეთი შინაარსი შეიძინა გვაროვნ. წყობილების რღვევის ეტაპზე, ე. ი. მაშინ, როცა გაჩნდა კერძო საკუთრება, კერძო მიწათმფლობელობა და ამდენად – მემკვიდრეობის ინ-ტიც, ე. ი. მ. (ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი).

მ., როგორც მიწათმფლობელობის აღმნიშვნელი ტერმინი, თავდაპირველად გამოხატავდა მხოლოდ მემკვიდრეობით (ე. ი. მამისაგან) მიღებულ მიწას (პირადად შეძენილის საპირისპიროდ). შემდგომ მ-ის ცნება აღნიშნავდა სამემკვიდრეო სამფლობელოდ მიღებულ ყველა მიწას, განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იყო ის შეძენილი. ამრიგად, ცნება მ. მიუთითებდა უკვე არა მიწის მიღების გზაზე, არამედ – მიწის მფლობელის სამემკვიდრეო ხასიათზე. ასე გაჩნდა მ-ის სხვადასხვა კატეგორია. ამ კატეგორიებად მ-ები იყოფოდა შეძენის გზის, კუთვნილების, სიდიდისა და შეუვალობის (იმუნიტეტის) ხარისხის მიხედვით: 1. შეძენის გზებზე მიუთითებდა მ-ის შემდეგი სახეები: ნაწყალობევი, ნასყიდი, ნასისხლი, ნამზითვი, ხმლით ნაშოები, შეწირული და სხვ.; 2. კუთვნილების მიხედვით მ. იყო მეფის (სასეფო, სახასო), მთავრის, მსხვილი ფეოდალების (დიდი აზნაურები X ს-მდე; დიდებულები XI–XIV სს-ში; თავადები XV–XVIII სს-ში), წვრილი ფეოდალების (აზნაურების), ეკლესიის (სასაყდრო, სამონასტრო, სატაძრო, საკათოლიკოსო, საწინამძღვრო, საქადაგო და სხვ.), უშუალო მწარმოებლების (საგლეხო, სამსახურო); 3. სიდიდის მიხედვით არსებობდა დიდი, საშ. და მცირე მ-ები. დიდი მ. ჰქონდათ მეფეს, მთავრებს, დიდ ფეოდალებს, მცხეთის სვეტიცხოვლისა და ზოგიერთ სხვა დიდ საეპარქიო საყდრებს (ბიჭვინთის, ქუთაისის, ცაიშის, რუსთავის, სამთავისის, ალავერდის და სხვ.), დიდ მონასტრებს (მღვიმის, დავითგარეჯის, გელათის, ვარძიის, ვაჰანის და სხვ.); საშ. სიდიდის – წვრილი ფეოდალების ნაწილს, პატარა ეპარქიების საყდრებს, პატარა მონასტრებს; მცირე – წვრილ ფეოდალებს, ზოგიერთ ეკლესია-მონასტერს და უშუალო მწარმოებლებს.

შეუვალობით სარგებლობდნენ დიდი და ნაწილობრივ, საშ. სიდიდის მ-ები. შეუვალობა მით უფრო სრული იყო, რაც უფრო დიდი იყო მ. და რაც უფრო წარჩინებული პირი იყო მისი მფლობელი. აბსოლუტურად სრული შეუვალობა არ ჰქონდა არცერთ მ-ს: მეფე არავის ანიჭებდა სასამართლო და სამხ. (ე. წ. ლაშქარ-ნადირობის) შეუვალობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. შეუვალობის მიღების გზები სხვადასხვაგვარი იყო. მას განსაზღვრავდა მ-ის კატეგორია და მემამულის პირადი დამსახურება მეფის წინაშე. ისეთი კატეგორიის მ., როგორიცაა ნასყიდი, ნასისხლი და ნამზითვი, ითვლებოდა „ყოველითურთ მოუდევრად` (ე. ი. სახელმწიფო და სამეფო მოხელეებისგან შეუვალად), მაღალი კატეგორიის მიწებად. მეფეები ნაწილობრივ შეუვალობას ანიჭებდნენ ნაწყალობევ და შეწირულ მ-ებსაც. როგორც საერო, ისე საეკლ. ფეოდალები შუა საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ცენტრ. ხელისუფლებას სამამულო შეუვალობის მოსაპოვებლად და გასაფართოებლად. ეს იყო შინაკლასობრივი ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება ფეოდ. საქართველოში. მეფე ზოგჯერ ახერხებდა ამა თუ იმ მ-ის შეუვალობის გაუქმებას ან შეზღუდვას, მაგრამ ფეოდალები შემდგომ კვლავ იბრუნებდნენ მას. შემოგვრჩა შეუვალობის განახლების არაერთი სიგელი: სვეტიცხოვლის, ბიჭვინთის, სამთავისისა და სხვა დიდი საყდრების, აგრეთვე მღვიმის (შიომღვიმე), დავითგარეჯის მონასტრების, მთელი საქართვ. ეკლესიის, ცალკეული მსხვილი ფეოდალებისა და სხვა დიდი მამულების. ფეოდალიზმის ხანაში მიწათმფლობელობა შერწყმული იყო პოლიტ. ძალაუფლებასთან (მემამულე ფლობდა არა მარტო მიწას, არამედ მოსახლეობასაც), სამამულე შეუვალობის ხარისხი შეესატყვისებოდა მემამულის პოლიტ. ავტონომიის ხარისხს. შეუვალობის მოპოვებით ფეოდალებმა თავიანთ მ-ებში შექმნეს გამგებლობის საკუთარი ორგანიზაცია – სენიორია, რ-საც საქართველოში ეწოდებოდა სახლი. ასეთი ფეოდ. სახლებით იყო დაფარული შუა საუკუნეების საქართველო. სენიორიებს ქმნიდნენ მსხვილი ფეოდალების, მსხვილი საყდრებისა და მონასტრების მ-ები. წვრილ მემამულეთა სამფლობელოები სენიორიებს არ წარმოადგენდნენ. ფეოდალთა დაბალი წოდების საკუთრების უფლება მიწაზე დიდად იყო შეზღუდული მათი უშუალო სენიორის – პატრონის (დიდი ფეოდალი, მეფე, ან ეკლესია) მიერ. წვრილი ფეოდალის მ. უფრო ემსგავსებოდა დასავლეთევროპულ ფეოდს, ვიდრე ალოდს.

XV ს-მდე საგლეხო მეურნეობის ერთეულს მიწა ან ფუძე ეწოდებოდა. მასში შედიოდა განსაზღვრული რაოდენობის სახნავი მიწა, ვენახი და სხვ. XV ს-იდან კი ეწოდა მ. მთელი მ., საგლეხო მ., როგორც მიწათმფლობელობის ფორმა, არსებითად განსხვავდებოდა ფეოდალის მ-ისგან. გლეხი და მისი მ. ბატონის საკუთრება, ბატონის მ-ის შემადგენელი ნაწილი იყო, მისი განმკარგულებელი კი – ბატონი (თუმცა ბატონის ნებართვით გლეხი ზოგჯერ ყიდდა კიდეც მიწას).

იმის გამო, რომ მიწაზე საკუთრების უფლება ფეოდალიზმის ეპოქაში დანაწევრებული იყო (მიწის უზენაესი მესაკუთრე სახელმწიფოში იურიდიულად იყო მეფე, ხოლო ფეოდალი – პირობით მესაკუთრე), მეფესა და ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა ამ დანაწევრებული უფლების გასაფართოებლად. იბრძოდნენ მ-ის გასხვისების უფლებისათვის. ამ ბრძოლაში ფეოდალებმა თანდათან მიაღწიეს წარმატებას. XI ს-მდე ფეოდალს არ შეეძლო მეფის ნებართვის გარეშე მ-ის გასხვისება; XI–XV სს-ში ეს ნებართვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მეფე ფაქტობრივად ვეღარ უშლიდა დიდ ფეოდალს მ-ის გასხვისებას და მხოლოდ ხელრთვით ადასტურებდა მას: „მამამა ჩემმა ეზომი მამული დამიგდო, რომე თუცა სხვა რომელისა მამულის სოფელი შემომეწირა, ესეც ხელმეწიფებოდა“, – აღნიშნავს XIII ს-ში ერთი დიდი ფეოდალი თავის საბუთში. XV–XVIII სს-ში ეს ფორმალური მხარეც მოიხსნა: ფეოდალი მ-ს ასხვისებდა მეფის უკითხავად, ვახტანგ VI-ის სამართალი კი აკანონებდა ამ ფაქტს.

ფეოდალები ერთმანეთს ებრძოდნენ მ-ის მისატაცებლად. სწორედ ეს ბრძოლა ქმნიდა შინაკლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ასპექტს ფეოდ. საქართველოში.

გარდა კერძო მიწათმფლობელობისა ძვ. საქართველოში აგრეთვე იყო სახელმწ. მიწათმფლობელობა, რ-იც სახელმწიფოს გაჩენასთან ერთად წარმოიქმნა ტერიტ.-ადმ. ერთეულების სახით. ამავე დროს, გვაროვნ. საზ-ბის ეპოქიდან კლასობრივი წყობილების ხანაშიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩა სათემო მიწათმფლობელობა. სათემო და სახელმწ. მიწებს ეწოდებოდა არა მ., არამედ – ქვეყანა, ხევი, თემი და სხვ.; სახელმწ. მიწებს განაგებდნენ ერისთავები, ციხისთავები, ხევისუფლები და სხვები; სათემო მიწებს – მამასახლისები, ხევისბერები, ხუცესები (არა-სას. პირები) და სხვ.; კერძო მიწებს, ე. ი. მ-ებს (სამეფო, საფეოდალო, საეკლესიო) – მოურავები, მგეები (განმგე, გამგებელი) და სხვ. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში (IX–X სს-იდან) საქართვ. ცენტრ. (ბარის) რ-ნებში ძირითადად გაქრა სათემო მიწათმფლობელობა. XI–XIII სს-ში სახელმწ. და სათემო მიწების ნაწილს მეფე პირად მფლობელობაში ურიგებდა წვრილ ფეოდალებს – მსახურეულ აზნაურებს. ასეთ მიწებს ეწოდებოდა საკარგავი. ასე გაჩნდნენ „აზნაურნი მოსაკარგავენი“ (ე. ი. საკარგავის მფლობელი აზნაურები), საპირისპიროდ „მემამულე აზნაურისა“ (ე. ი. მ-ის მფლობელი აზნაურისა).

სათემო, სახელმწიფო მიწები და საკარგავები დროთა განმავლობაში მ-ად იქცა. ეს პროცესი დასრულდა XV ს-ში. XV–XVIII სს-ში სამამულე მიწათმფლობელობა საქართველოში ყოვლისმომცველი გახდა. აღარ იყო სახელმწ., სათემო და საკარგავი მიწები. მათი ყოველგვარი საკუთრება ამ პერიოდში იყო მ.

XIX ს. 60-იანი წლებიდან 1921-მდე მ. აღნიშნავდა მიწაზე კერძო საკუთრებას. საბჭ. ეპოქაში მიწაზე კერძო საკუთრების მოსპობასთან ერთად მ., როგორც მიწათმფლობელობის აღმნიშვნელი ტერმინი, აღარ იხმარებოდა.

წყარო: ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; X–XVIII სს. ქართული საბუთები, წგ.: ქართული სამართალის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1–8, თბ., 1963–85.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

ნ. შოშიაშვილი