„მამული“

„მამული“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა 1951–53 ბუენოს-აირესში (არგენტინა). მისი საპატიო რედაქტორი და ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ა. პაპავა. ჟურნალის პირველი ნომერი იყო 32-გვერდიანი. ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა ი. ჭავჭავაძის სიტყვები: „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება“. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ ქართ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები; მხატვრულად აფორმებდნენ ფ. ვარლამიშვილი (ვარლა) და ლ. სააკაძე. მასში აქტიურად იბეჭდებოდა ვ. ნოზაძის, გ. ლოლუას, მინდია ლაშაურის (ი. კუჭუხიძე), თ. და ა. პაპავების, გ. გამყრელიძის, გ. გოგელაშვილის, სამტრედიელის (ნამდვ. გვარი უცნობია), სანდრო ნებლოს (ა. პაპუაშვილი) ნაშრომები. „მ“. გამოირჩეოდა მასალის სიმდიდრით, რუბრიკების მრავალფეროვნებითა და პროფ. ანალიზის სიღრმით. მასში წარმოდგენილი იყო ევროპიდან და ამერიკიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები, უცხოენოვანი ლიტ. ნაწარმოებების თარგმანები, მეცნიერული, ისტ. და პოლიტ. ხასიათის ნაშრომები და სხვ. ჟურნალში ფართოდ შუქდებოდა არგენტინის ქართ. დიასპორის მიერ გამართული კულტ.-საგანმან. ღონისძიებები.

თ. დოლიძე