მამულია გურამ სამსონის ძე (9. V. 1937, თბილისი – 1. I. 2003, იქვე), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1987), პოლიტიკოსი აქტივისტი, (ადამიანის უფლებათა დამცველი), დისიდენტი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1960). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (1961–2003), თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრაზე – კითხულობდა ლექციებს. იკვლევდა ძველი საქართველოს ისტორიის საკითხებს – ქართული პატრიარქალური გვარისა და ნათესაურ სისტემებს, სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრობლემას ძველ ქართლში (იბერიაში), ძველქართულ ტომთა სოც. სტრუქტურასა და მათი სოც. ევოლუციის გზებს სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში; ქართული ფეოდალური საზოგადოებისა და ფეოდალური სახელმწიფოებრიობის წარმოშობის საკითხს.
მ. 1981 დისიდენტური საქმიანობის გამო გარიცხეს კომპარტიიდან. 1983, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ზეიმის აღნიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს თსუ დოცენტის თანამდებობიდან და ჩამოართვეს უნივერსიტეტში ლექციების კითხვის უფლება. 1988 იყო „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თანადამფუძნებელი, 1992–95 – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1996–2001 – საქართვ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურის უფროსი.
თხზ.: კლასობრივი საზოგადოების და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979; პატრონყმობა, თბ., 1987.
ტ. ახალაია