მამულიანი რუბენ ზაქარიას ძე (18. X. 1897, თბილისი, – 4. XII. 1987, ლოს-ანჯელესი), აშშ-ში მოღვაწე თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი.
სწავლობდა თბილისში, ნერსესის სასწავლებელში, შემდეგ პარიზში – მონტენის ლიცეუმში. ესწრებოდა ე. ვახტანგოვის სასწავლო კურსებს მოსკოვის სამხატვრო თეატრის მეორე სტუდიაში. 1922 დიდ ბრიტანეთში განახორციელა პირველი თეატრალური დადგმები. 1923 ჯ. ისტმენის მიწვევით როჩესტერში დააარსა საოპერო სტუდია, სადაც ორ-ნახევარი წელი იმუშავა. აქ მ. ჩამოყალიბდა როგორც კინოსა და თეატრის რეჟისორი. ბროდვეიზე დადგა მუს. სპექტაკლები: „ოკლაჰომა!“, „პორგი და ბესი“ და სხვ.
ჰოლივუდში გადაიღო ფილმები: „აპლოდისმენტები“ (1929), „ქალაქის ქუჩები“ (1931), „დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდტი“ (1931), „დედოფალი ქრისტინა“, „ქებათა ქება“ (ორივე 1933), „ოქროს ბიჭები“ (1939), „ზოროს ნიშანი“ (1940), „სისხლი და ქვიშა“ (1941), „ველური გული“ (1952), „აბრეშუმის წინდები“ (1957). მ-მა ინოვაციური ხერხებით გაამდიდრა ფილმის გადაღების პროცესი, შექმნა კინოს ისტორიაში პირველი, ტექნიქოლორის სისტემით გადაღებული ფერადი სრულმეტრაჟიანი ფილმი („ბეკი შარპი“, 1935). მის ფილმებში მონაწილეობდნენ გ. გარბო, მ. დიტრიხი, ტ. პაუერი, ს. ჩერისი, ფ. ასტერი, მ. შევალიე და სხვ. სხვადასხვა მიზეზით მან ვერ შეძლო ფილმების, „ლორასა“ (1944) და „კლეოპატრას“ (1963) დასრულება.
50-იანი წლებიდან ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მ-ის ვარსკვლავი გაიხსნა ჰოლივუდის დიდების ხეივანში (1960); იგი შეყვანილია ამერიკული თეატრის „დიდების დარბაზში“ (1981). მიღებული აქვს ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო – დ. უ. გრიფიტის სახ. პრემია (1982).
მ. კერესელიძე