მამხუტი (ყოფ. სარაჩლო), სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. საღზაგანისწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 510 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი). ბოლნისიდან 22 კმ, შულავრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. 2359 მცხ. (2014).
სოფლის სამხრ-ით, დაახლ. 2 კმ-ზე, გორაკზე, დგას ორი, ერთმანეთისგან ასიოდე მეტრით დაშორებული დარბაზული ეკლესია. გორაკის ფერდზე განთავსებული ეკლესია VI ს-ით თარიღდება, ხოლო გორაკის თხემზე მდებარე – VI –VII სს-ით. ორივე ეკლესია ნაგებია მოყვითალო ფერის კარგად გათლილი, თითქმის თანაბარი ზომის, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი კვადრებით. მხატვრული გამომსახველობის გაზრდის მიზნით, წყობაში ჩართულია ფირუზისფერი ქვები. შესასვლელები, რ-თა თავზეც ღია ლუნეტებია, ეკლესიებს სამხრ-იდან აქვს. ორივე ეკლესიის აფსიდა ნალისებრია, ლავგარდანი კი ნალისებრი თაღების მწკრივითაა შემკული. ზედა ეკლესიას ჩრდ-იდან სამკვეთლო ეკვრის. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია ქართ. ასომთავრულით შესრულებული რამდენიმე წარწერა, მ. შ. ყველაზე ადრეული, სავარაუდოდ, VIII–IX სს-ით თარიღდება, გვიანდელი კი – X–XI სს-ით.
ქვედა ეკლესიის საკურთხევლის თაღის ჩრდ. ქუსლი მხატვრულად გაფორმებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი. დას-იდან მასზე გამოსახულია ჩაჭრილი სამკუთხედებით და ორმაგი სარტყლით გაფორმებული ბოლნური ჯვარი. ჯვრის მარჯვნივ სიცოცხლის ხეა. კაპიტელის სამხრ. გვერდი, ასევე ჩაჭრილი სამკუთხედებით გაფორმებული ვიწრო ზოლით, სიმაღლეში ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ზედა ნაწილში გამოყვანილია ერთრიგად გამწკრივებული კოვზისებრი ელემენტები, ქვედა ნაწილში კი – სიცოცხლის ხეები. ზედასგან განსხვავებით, ქვედა ეკლესია შვერილაფსიდიანია. XX ს. 80-იან წლებში ორივე ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი ი. ბანძელაძე). მათი მიმდებარე ტერიტორიის არქეოლ. შესწავლის დროს გამოვლინდა მრავალმხრივ საინტერესო მასალა.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ხევი ბოლნისისა, დმანისი (კრებული) ტ. 4, თბ., 2003; ელიზბარაშვილი ი., სურამელაშვილი მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭურღულია ხ., არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ., 2012; მეფისაშვილი რ., კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, „ძეგლის მეგობარი“, 1971, №26; Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, Lipz., vol. 4, 1999; Mepisashvili R., Tsintsadze V., The Arts of Ancient Georgia, Lpz, 1979; Mepisashvili R., Zinzadze W., Georgien, Wehrbauten und Kirchen, Lpz., 1986.
თ. დვალი