მანაგაძე ნოდარ შოთას ძე

ნ. მანაგაძე

მანაგაძე ნოდარ შოთას ძე (19. III. 1946, თბილისი, – 27. XI. 2006, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980), საქართვ. კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1974). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტი (დ. ალექსიძისა და მ. თუმანიშვილის სახელოსნო, 1965). 1964-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გადაიღო მხატვრული ფილმები: „მოლოდინი“ [1969; ვარნის (ბულგარეთი) საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი, 1970], „წუთისოფელი“ [ორივე შ. მანაგაძესთან ერთად, 1971; პრიზი და პრემია თბილ. საკავშ. კინოფესტივალზე, 1972; სორენტოს (იტალია) საერთაშ. კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1972; საქართვ. კომკავშირის პრემია, 1974], „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით, 1974), „ამაღლება“ [1977; სიტხესის (ესპანეთი) საერთაშ. კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1988], „კაშხალი მთაში“ (1979); „გაზაფხული გადის“ (1983), „ეი, მაესტრო!“ [1987; სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების 31-ე საერთაშ. კინოფესტივალის ჟიურის სპეც. პრიზი, 1987; საკავშ. კინოფესტივალის I პრემია და პრიზი, ბაქო, 1988]; „ნოე“ (1990), „ნათლისღება“ (1994), „ანგელოზის გადაფრენა“ (2000, საერთაშ. კინოფესტივალ „ზოლოტოი ვიტიაზის“, პრიზი რეჟისურისთვის, რუსეთი, 2001), აგრეთვე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საერთო კედელი“ და დოკუმენტური ფილმი „ზამთრის დღე“ (ორივე 1972). მის ფილმებს რეფრენად გასდევს ადამიანის არსის, ცხოვრების საზრისის ძიების თემა, რ-საც ავტორი სხვადასხვა ისტ. და სოც. ვითარებათა ფონზე იკვლევს და სათქმელს მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი პოეტური სიმბოლოებითა და მეტაფორებით გადმოსცემს. იგი ყველა თავისი ფილმის სცენარის თანაავტორია. გადაღებულია მამის, შ. მანაგაძის ფილმში „თვალი პატიოსანი“ (1976), აგრეთვე თავისი რეჟისორობით გადაღებულ ფილმში „კაშხალი მთაში“.

მ. კერესელიძე